რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონსა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ზახაროვამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-ჟან პიერმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია კანონით, რომელიც მისივე განცხადებით, დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და საქართველოს ევროკავშირს აშორებს.
„შეხედეთ, როგორ უტევენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას მათი სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამო. ისინი ამას სხვადასხვა გზით აკეთებენ. საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების ღირებულებებს და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ქვეყანას ევროკავშირში ვერ შეიყვანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება დააშინონ ყველა შესაძლო გზით და ყურადღებას დემონსტრანტთა მიმართ სავარაუდო სასტიკ მოპყრობაზე ამახვილებენ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.