მთავარისაქართველოშარლ მიშელი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

შარლ მიშელი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, დემოკრატიის ფორუმზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოზე საუბრობს. ევროპელ მაღალჩინოსანს სადავო კანონპროექტსა და მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებზე ჰკითხეს.

ჯინ მეზერვი, მოდერატორი: მსურს გკითხოთ საქართველოზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით თბილისში დიდი პროტესტია, დიდი ალბათობით ამ კანონს დღესვე დაამტკიცებენ, როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე?

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: მე პირადად ვარ იმედგაცრუებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. რამდენიმე წლის წინ მომეცა საშუალება, რომ ჩემი როლი შემესრულებინა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში. ეს ერთი, ასევე შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე თვის წინ ევროპულ საბჭოში, 27 წევრი სახელმწიფოს შორის არ არსებობდა უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას. ჩვენ კი დაგვარწმუნეს, რომ ბევრი სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება სწორი ნაბიჯი გახლდათ. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, დავარწმუნეთ ისინი რეფორმების აუცილებლობაში, გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, საბოლოო ჯამში კი სახელმწიფოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. ახლა კი მოწმენი ვართ ამ კანონის მიღების მცდელობისა, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი, მას აქვს ვეტოს უფლება. გვესმის რიტორიკაც, არცთუ ისე დადებითი, ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ქართულ მხარესთან. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სიცხადეს შემოგვთავაზებს მათი მიზნების შესახებ, მაგრამ თუ მათ ევროკავშირთან დაახლოება სურთ, თუ მათ ევროკავშირში გაერთიანება სურთ, პატივი უნდა ეცეს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის პრინციპებს, ამ საკითხზე მკაფიოა ჩვენი მიდგომა და იმედი მაქვს, რომ დავარწმუნებთ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით არსებული ყველა რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაში.

ჯინ მეზერვი, მოდერატორი: კიდევ ერთი შეკითხვა საქართველოს შესახებ, რამდენიმე შეკითხვაა, ეს კითხვა კი შემდეგია – როგორ შეუძლია დასავლეთს ხელი შეუშალოს რუსული გავლენის ზემოქმედებას საქართველოში?

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „რუსეთის მიზანია, რომ ყველგან სადაც შესაძლებელია, დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს და დემოკრატიული პრინციპები აღრიოს, ხელი შეუშალოს კანონის უზენაესობის განმტკიცებას და სწორედ ამიტომ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოში ევროპისკენ სწრაფვას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, მათ უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ შევეწინააღმდეგოთ ევროკავშირში გაწევრიანების ხელისშემშლელ ყველა ღონისძიებას.

ჯინ მეზერვი, მოდერატორი: რას ეტყვით თბილისის ქუჩებში აქციაში მონაწილე ყველა თაობის წარმომადგენელს?

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ჩვენ ვართ კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეს. ჩვენ გვაქვს ხელთ ინსტრუმენტები, რომ ვცადოთ, დავარწმუნოთ საქართველოს ხელისუფლება, რომ გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა. საქართველოში მალე არჩევნები იქნება და იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ლეგიტიმაციის მინიჭებისა და იმ მიმართულების ჩვენებისა, რომლითაც სურს საქართველოს სიარული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend