თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელსაც უკვე 185 ხელმომწერი ჰყავს.
მათ მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. რუსული კანონის ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული კანონის განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ქართველმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი.
„კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით“, – წერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ოფიციალურ განცხადებაში.