შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს. უწყება პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს პარლამენტში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება მისცენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს და უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს, დაემორჩილონ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, არ დაუშვან პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისგან“ – წერია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებსაც, დაემორჩილონ სამართალდამცავების მითითებებს.