მთავარისაქართველოპარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება

პარლამენტთან მიმდინარე აქციას მსვლელობით სტუდენტები შეუერთდნენ. მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილი გაფიცულია. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი და სააუდიტორიო სწავლების ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს. საპროტესტო აქციას შეუერთდნენ შშმ პირებიც.

სტუდენტთა მსვლელობის პარალელურად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, პრესკონფერენცია გაიმართა. კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი „მოსახლობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად“ იმოქმედებს და ხვალ, 14 მაისს, პლენარულ სხდომაზე სადავო კანონპროექტს მიიღებს.

დღეს, 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელიც სულ რაღაც 67 წამი გაგრძელდა, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. დილის ექვსი საათიდან პოლიციამ პარლამენტის შესასვლელების დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დაიწყო. დააკავეს 23 პირი. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათგან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, დაკავებულთაგან 16 კი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ მესამე მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე ხვალ, 14 მაისს, არის დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend