მთავარისაქართველოპარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება. მას შემდეგ, რაც პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები შენობაში მოქალაქეების შეძახილების ფონზე შევიდნენ.

საპროტესტო აქცია სახელწოდებით „გავათენოთ საქართველოსთვის“ პარლამენტთან გუშინ 22:00 საათიდან დაიწყო. დილის 6 საათისთვის პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ქუჩების დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დაიწყო.

დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე. მედიასაშუალებათა მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს ისიც, თუ როგორ უსწორდებიან სამართალდამცავები საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

მომხდარს ეხმაურება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საია შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს და მოუწოდებს დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა“ – წერია განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც და 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარი ძალადობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში უწყებამ აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. 9 საათზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის მესამე  მოსმენით განხილვა დაიწყება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend