სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
შეხვედრა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საიუბილეო სამიტის შემდეგ გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ქვეყნების თანამშრომლობა წარმატებულია. ხოლო რუსეთს-სომხეთის ურთიერთობები განსაკუთრებით მჭიდროა.
„2015 წლიდან მოყოლებული, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან სომხეთის სავაჭრო ბრუნვა 14-ჯერ გაიზარდა, რუსეთთან კი შვიდ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქამდე ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ასეთი მასშტაბური არ ყოფილა. რა თქმა უნდა, სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, სხვა საკითხებიც არსებობს – რეგიონში უსაფრთხოების საკითხები. ამაზე ჩვენ ღიად საუბარს არ ვაპირებთ. თუმცა შეგვიძლია ძირითადად ჩვენი ურთიერთობების მთელ კომპლექტზე ვისაუბროთ. ასევე შეგვიძლია რეგიონულ უსაფრთხოების საკითხები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის EEU-ს სამიტის ფარგლებში განვიხილოთ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, შეხვედრის წინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავდა.
რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა განსაკუთრებით გასული წლის სექტემბრის შემდეგ გაუარესდა, რაც ერევანმა მოსკოვი უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერევნის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ბოლო დროს ევროპას უფრო უახლოვდება, არაერთხელ გააკრიტიკა. რუსულმა მხარემ ფაშინიანის მთავრობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განადგურებაში დასდო ბრალი.
ასევე 8 მაისს სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით სომხეთი წყვეტს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ფინანსურ მონაწილეობას.
სამხედრო ორგანიზაციას, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს სომხეთი ერთ წლის განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდა, რადგან 2022 წელს აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირებისას, სომხეთი რუსეთსა და ორგანიზაციის სხვა ქვეყნებს დახმარებას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ.