მთავარიკულტურაევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალი პროპალესტინური პროტესტის ფონზე ჩატარდა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალი პროპალესტინური პროტესტის ფონზე ჩატარდა

პირველ ნახევარფინალში 15 მონაწილიდან ათმა განაგრძო გზა ფინალისკენ, მათ შორის არიან ხორვატი მომღერალი და სიმღერების ავტორი ბეიბი ლასაგნა, უკრაინული დუეტი ალიონა-ალიონა და ჯერი ჰეილი, ასევე ირლანდიელი მომღერალი ბემბი თაგი.

კონკურსს გამოეთიშნენ ისლანდიის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, მოლდოვისა და ავსტრალიის წარმომადგენლები.

ევროვიზიის სიმღერების 68-ე კონკურსი დაიწყო შვედეთის ქალაქ მალმეში. პირველი ნახევარფინალის სცენაზე უკვე წარდგნენ როგორც  ევროპული, ისე ევროპის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნების წარმომადგენლებიც.

პორტუგალია – Credit: Martin Meissner/AP

პირველი და მეორე ნახევარფინალების (მეორე ნახევარფინალი 9 მაისს გაიმართება) დროს მონაწილეთა რაოდენობა 37-დან 26 ფინალისტამდე უნდა გაიცხრილოს. დარჩენილი 26  საბოლოო გამარჯვებისთვის 11 მაისს იბრძოლებს ზეიმისა და პროტესტის ფონზე.

კონკურსის გახსნის ცერემონიაზე  უკვე გამოჩნდა პროპალესტინური პროტესტის პირველი ნიშანი, როდესაც ევროვიზიის ყოფილმა მონაწილემ შვედმა ერიკ საადემ, რომელიც ამჟამად კონკურსში არ მონაწილეობს, მაჯაზე მოიხვია ახლო აღმოსავლეთში ტრადიციული თავსაბურავი, რომელიც პროპალესტინური განწყობის საერთაშორისო სიმბოლოდ იქცა.

Credit: Johan Nilsson/TT

ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრესსპიკერმა განაცხადა:

„ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ყველა მონაწილემ კარგად იცის კონკურსის წესები და ჩვენ ვწუხვართ, რომ ერიკ საადემ არაპოლიტიკური ღონისძიების რეპუტაციის შელახვა გადაწყვიტა.“

საადემ, რომლის მამაც წარმოშობით პალესტინელია, გააკრიტიკა ევროპის მაუწყებელთა კავშირის მენეჯმენტი იმის გამო, რომ წლევანდელ კონკურსზე ისრაელის წარმომადგენელი დაუშვა.

წარმოშობით პალესტინელი მომღერალი, შვედი პოპ ვარსკვლავი ერიკ საადი – Credit: Martin Meissner/AP

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა არ გაითვალისწინა მოწოდებები ისრაელის კონკურსიდან გარიყვის თაობაზე, თუმცა ისრაელის წარმომადგენლის სთხოვა შეეცვალა სიმღერის სათაური „ოქტომბრის წვიმა“, რადგან ის „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმასთან ასოცირდებოდა. ამ სიმღერას ახალ სათაურად „ქარიშხალი“  დაარქვეს და ისრაელის წარმომადგენელი ედენ გოლანი კონკურსზე დაუშვეს.

ევროვიზიის ორგანიზატორი ორგანიზაციის ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის მოადგილემ Sky News-ის განიცხადა, რომ ისრაელის არ დაშვება პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, რაც მიუღებელია მათთვის.

ევროვიზიის მასპინძელ ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, რადგან კონკურსის 100 ათას მოყვარულს და ათობით ათას პროპალესტინური განწყობის მქონე პროტესტის მონაწილეს ელოდებიან . საპროტესტო დემონსტრაციები დაგეგმილია 9 და 11 მაისს. კონკურსზე აკრძალულია დროშები და ბანერები, გარდა მონაწილე ქვეყნის ეროვნული დროშებისა და პრაიდის მხარდამჭერი ცისარტყელას ალმებისა.

ხორვატია – Credit: Martin Meissner/AP

ავტორი: თეო ფარანტი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend