საქართველოს მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა. ამ ცვლილებს ეკონომისტი დავით კიკვიძე კრიტიკულად აფასებს. მისი განცხადებით, ეს ცვლილება საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებლობის დაკარგვას მოიტანს და სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება. მისი თქმით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს კომიტეტის წევრები, რომლებიც უცხოელი ექსპერტები არიან, გარკვეულწილად იმის გარანტია, რომ ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი. მისი თქმით, ეჭვს იწვევს ისიც, თუ რატომ გადაწყვიტა ეკონომიკის სამინისტრომ გამართული, ჩამოყალიბებული სტრუქტურის ცვლილება. მისივე თქმით, ცვლილებებამდე, 2025 წლიდან მსურველებს შეეძლოთ გამოსვლა საპენსიო რეფორმიდან გარკვეული კრიტერიუმებიდან გამომდინარე და შესაბამისად, ეს მისი აზრით, მთავრობისთვისაც შესაძლო რისკებს იწვევდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ ჩაერთვებოდა საპენსიო დანაზოგების სქემაში.
„დღევანდელი ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ დააინიციირა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მთლიანად საპენსიო ფონდი სრულად გადადის მთავრობის ხელში, ანუ მთავრობა იქნება თავიდან ბოლომდე მისი მმართველი. შეიქმნება 4 კომიტეტი, რომლებიც დაკომპლექტდება მთავრობის მიერ, რაც რეალურად ვერანაირ გამჭვირვალობასა და კომპეტენციას ვერ უზრუნველყოფს, რომ საპენსიო ფონდი იმართოს სათანადოდ. მე გარკვეული ეჭვები მიჩნდება იმაზე, რომ მთავრობამ ასე ნაჩქარევად მიიღო გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მოქალაქეებს 2025 წლიდან შეეძლოთ გამოსვლა საპენსიო რეფორმიდან, მსურველებს გარკვეული კრიტერიუმებიდან გამომდინარე და შესაბამისად, ეს გარკვეულწილად მთავრობისთვისაც ალბათ რისკებს იწვევდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ ჩაერთვებოდა საპენსიო დანაზოგების სქემაში. ჩემი აზრით, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ეს საკმაო საფრთხეებს შეიცავს, რადგან მე ვერ ვხედავ მთავრობაში იმ კომპეტენციასა და მიუკერძოებლობას, რომელიც რეალურად საპენსიო ფონდს უნდა ჰქონდეს. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში, საპენსიო ფონდი არის როგორც წესი ერთ-ერთი საინვესტიციო წყარო, როგორც შიდა, ასევე გარე ინვესტიციებისთვის და შესაბამისად, ეს თანხა რეალურად თითოეული მოქალაქის უზრუნველსაყოფად უნდა იყოს სწორად და სათანადოდ გამოყენებული. დავიწყოთ მინიმუმ ეროვნული ბანკის მიერ საკმაოდ დიდი მოცულობის 7 ტონა ოქროს შესყიდვით. ოქროს შესყიდვა საკმაოდ აპრობირებული მეთოდია ბევრი სხვადასხვა ქვეყნის მიერ, თუმცა საქართველოს შემთხვევაში კითხვის ნიშნებს ბადებს. წავიკითხე ISET-ის კვლევა, რომელიც მიანიშნებს, რომ ეს შეიძლება პოტენციურად სანქციების თავის არიდების ერთ-ერთ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდეს. არ გამოვრიცხავ, საპენსიო რეფორმა, რომელზე ვიმსჯელეთ, ასევე კანონპროექტი ოფშორებთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ბუნდოვანია, რუსულ კანონზე კი ყველაფერი ცხადია, ეს ყველაფერი იმას ასახავს, რომ ქვეყანაში არაჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ეჭვი ჩნდება, რომ მთავრობას უნდა გარკვეული ტოტალიტარული მმართველობა დაამყაროს და აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რომელიც თუნდაც, ფინანსურ მხარეს ეხება, აბსოლუტურად ყველა წერტილში ჰქონდეს მართვის სადავეები, ყველა მიმართულებით აკონტროლებდეს პროცესებს. ეს რიგითი მოქალაქეებისთვისაც ძალიან დიდი რისკის მატარებელია, რადგან ჩვენ არ გვექნება არანაირი ფინანსური დამოუკიდებლობა და ჩვენ თავად ვერ გადავწყვეტთ ჩვენი ფინანსები როგორ ვმართოთ და არ გვექნება წვდომა პირობითად ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადების დანიშნულებასა და მიმართულებაზე”, – ამბობს ეკონომისტი დავით კიკვიძე.