მთავარიმსოფლიოევროპავიქტორ ორბანის მთავრობა უნგრეთში ჩინური კომპანიებისთვის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს ქმნის

ვიქტორ ორბანის მთავრობა უნგრეთში ჩინური კომპანიებისთვის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს ქმნის

ჩინეთის მზარდი გავლენების საპასუხოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა ცდილობს, ევროკავშირის შიდა ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს და პეკინის გავლენები ევროპაში შეზღუდოს.

ამის ფონზე კი უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი ჩინეთთან ეკონომიკურ კავშირებს ამყარებს და ჩინელ ინვესტორებს ევროკავშირის სავაჭრო ბლოკში შესვლის გზას უმარტივებს.

უნგრეთმა ჩინეთისთვის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო შექმნა, რაც ჩინური კომპანიებისთვის დიდ საგადასახადო შეღავათებს, სუბსიდიებს და ინფრასტრუქტურულ დახმარებას მოიცავს. ექსპერტების მოსაზრებით ევროკავშირის მასშტაბით უნგრეთის მთავრობა ჩინეთის ერთადერთი მოკავშირეა.

დეკემბერში უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ელექტრომანქანების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ჩინური კომპანია პირველ ევროპულ ქარხანას სწორედ უნგრეთში გახსნის.

ჩინური ინვესტიციის შესახებ უნგრეთმა ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე გამოაცხადა, უნგრეთში ინფლაცია რეკორდულ მაჩვენებელზეა ასული. ამავდროულად, ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის გამო ევროკავშირმა ვიქტორ ორბანის მთავრობას ევროკავშირის დაფინანსება შეუჩერა.

„ბრიუსელის არ მესმის. ალბათ, წარმოდგენა არ აქვთ, რეალურად მსოფლიო ეკონომიკა როგორ გადადის ელექტრომობილებზე. სხვათა შორის, თუ ჩინური კომპანია უნგრეთში გაიხსნება და წარმოებას უნგრეთში დაიწყებენ, მაშინ ის რაიმე დამატებითი ტარიფის საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდება, რადგან ის ევროპის საზღვრების შიგნით იმოქმედებს”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიჯარტომ.

საფრანგეთსა და სერბეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უნგრეთში გაემგზავრება.

გავრცელებული ცნობებით, ვიზიტის ფარგლებში ქვეყნების ლიდერები კიდევ ერთი საინვესტიციო ხელშეკრულების შესახებ გამოაცხადებენ, რომელიც ელექტრომობილების წარმოებას მოიცავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend