მთავარისაქართველოსპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის აპრილსა და მაისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიებას...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის აპრილსა და მაისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აპრილსა და მაისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების დადგენის მიზნით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი ისევ მტკიცებულებების შეკრების ეტაპზეა გამოძიება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის თაობაზე, რომელიც შეეხება 2024 წლის აპრილსა და მაისში თბილისში პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2024 წლის აპრილსა და მაისში აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე შემოვიდა სხვადასხვა უწყებიდან და ცხელი ხაზის მეშვეობით 80 შეტყობინება, რომელიც აქციის მონაწილეებისა და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შემოსულ შეტყობინებებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მყისიერად დაიწყო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყო. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 67 პირი (მათ შორის 9 ჟურნალისტი), 30 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა;

დათვალიერდა სხვადასხვა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებულია გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები;

მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, გამოძიებამ მოიპოვა საჯარო ინტერნეტსივრცეში არსებული სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერები;

გარდა ზემოხსენებულისა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიიდან, ინტერნეტ სივრციდან, კერძო ობიექტიდან და საჯარო უწყებიდან გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვის პროცესი და მათი შესწავლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია აქციის მონაწილეების დამკავებელი და ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავების ვინაობის შესახებ;

მოწმეთა ბაზის შექმნისა და დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით: სსიპ “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“ გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებიც 2024 წლის აპრილისა და მაისის აქციებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (აქციასთან დაკავშირებით) ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას;

სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვა;

კერძო კლინიკებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციის თაობაზე, რომელთაც 2024 წლის აპრილისა და მაისში თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, განვითარებული მოვლენების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

მიმდინარე საქმის ფარგლებში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1-ელ მაისს დაიწყო გამოძიება აქციაზე დაშავებული ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდზე.

ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ, 3 მაისს, ლევან ხაბეიშვილსა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჩაბარდათ უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით, რაზედაც უწყებას პასუხი არ მიუღია.

გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა ის ადგილი, სადაც სპეცრაზმელებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მოხდა ინციდენტი, იდენტიფიცირებულია შემთხვევის ადგილზე განთავსებული გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. სასამართლოში წარვადგენთ შუამდგომლობას საქართველოს ეროვნული გალერეისა და მის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე;

სამედიცინო კლინიკაში გაიგზავნა წერილი ლევან ხაბეიშვილის სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემდგომში ამოღებისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ასევე მოთხოვნილა სამედიცინო კლინიკის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება, შემდგომში გამოთხოვის მიზნით;

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე;

სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილისა და სპეცრაზმის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მათ შორის დაუმუშავებელი ვიდეომასალის.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend