ევროპასა და ჩინეთის დაძაბული ურთიერთობების ფონზე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ევროპაში. საინტერესოა, თუ რა არის ჩინეთის ეკონომიკური და სტრატეგიული მიზნები ამ დიპლომატიური ვიზიტების ფარგლებში.
Commerce et accès au marché, concurrence équitable et investissement, situations en Ukraine et au Moyen-Orient : la relation entre la Chine et l’Europe, la coordination entre nous, est décisive. pic.twitter.com/hi0c3Tx2iB
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) May 6, 2024
საფრანგეთის შემდეგ სი ძინპინი გაემგზავრება სერბეთში, შემდეგ კი უნგრეთში, კრემლსა და პეკინთან განსაკუთრებით დაახლოებულ ქვეყნებში. ამასთანავე, ორივე ქვეყანა ევროპაში პეკინის “ახალი აბრეშუმის გზის” გაყვანის მთავარ მომხრეებად მიიჩნევა.
„ამ ორ ევროპულ დედაქალაქში ვიზიტებით სი ძინპინი აჩვენებს, რომ ის საერთაშორისო პოლიტიკაში ავტორიტარული ღერძის ჩამოყალიბებაზე აქტიურად მუშაობს“.
უკრაინა-რუსეთის ომი არის კიდევ საკითხი, რომელიც იქნება მიმდინარე ვიზიტების დღის წესრიგში.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეცდება ჩინეთის დაყოლიებას მოსკოვში პეკინის ხელთარსებული ბერკეტების გამოყენებაზე, რათა დააჩქაროს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჩინეთის ხელისუფლება ნეიტრალურად არის განწყობილი რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ და ორივე მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდებს, ის რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმას არ გმობს.
უფრო მეტიც, 2023 წელს რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის გაზრდამ გადაარჩინა რუსეთი ეკონომიკური და სამხედრო კოლაფსისგან.
„რუსული სამხედრო აღჭურვილობის განახლება დამოკიდებულია იმპორტირებულ ჩინურ ტექნოლოგიებზე, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ევროპას, რომელიც ცდილობს რუსეთის გამოფიტვას“.
ამავდროულად, ევროპელ ლიდერებს შორის ცხარე დებატები მიმდინარეობს, ისინი ჩინეთთან სავაჭრო პოლიტიკაზე ვერ თანხმდებიან.
„ევროპელები შეშფოთებულები არიან ჩინეთთან ეკონომიკური დისბალანსით, განსაკუთრებით მწვანე სექტორში, რომელშიც ევროპულ მრეწველობას უჭირს ჩინური კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა“.
ჩინური აგრესიული სავაჭრო პოლიტიკის ფონზე ევროკომისიამ რამდენიმე გამოძიება დაიწყო ელექტრომობილებისა და მზის პანელების ჩინურ სუბსიდიებზე. ჩინური სახელმწიფო კომპანიები სამართლიანი კონკურენციის დარღვევაში არიან ეჭვმიტანილნი.