მთავარისაქართველოსადავო კანონპროექტი

სადავო კანონპროექტი

კვლავ არ წყდება გამოხმაურება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კანონპროექტი საქართველოს სახიფათო გზაზე დააყენებს, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას.

მეთიუ მილერმა უპასუხა მმართველი პარტიის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ ეს კანონი ამერიკული FARA-ს მსგავსია. მან განმარტა, რომ FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს.

„ჩემი აზრით, მილერის განცხადებამდე შოლცის განცხადების შემდეგ ცხადი იყო, საით მიდიოდა ეს სიტუაცია. როცა მთელი დასავლეთი გეუბნება, რომ ეს არ არის დასავლური საქციელი, ევროპაში ასე ვერ შევალთ, ჩვენ იმავეს ვაგრძელებდით. საბოლოო ჯამში ჩვენ ერთი კარგი რამ მივიღეთ, რომ მთავარი პრობლემა სინამდვილეში არა „რუსული კანონი”, არამედ ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც ჩვენს 83 დეპუტატს აიძულებს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. ეს სინამდვილეში ქართველი ხალხის ნების მოპარვას ნიშნავს, რადგან ქართველ ხალხს არავისთვის მიუცია უფლება, რომ ერთპიროვნულად გადაეწყვიტა ქვეყნის საგარეო კურსი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მმართველ გუნდში კი კვლავ FARA-სა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მსგავსებაზე საუბრობენ.

“მე არ ვიცი, ბატონი მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და FARA-ს, მაგრამ საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგეს, რას წარმოადგენს ამერიკული FARA და როგორ ხდება მასში ადამიანების თუ ორგანიზაციების დარეგისტრირება. იმაზე აპელირება, რომ FARA-ში არის მხოლოდ უცხო მთავრობის დაფინანსებული პირები დარეგისტრირებული, ნამდვილად არ არის სიმართლე. გამომდინარე იქიდან, რომ ვნახეთ, საკმაოდ ბევრი ადამიანია მოხვედრილი FARA-ს რეესტრში, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებასა და მთავრობას. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ეს არცოდნა ან სიცრუე რისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ჩვენ ნამდვილად კარგად ვიცით, რა არის FARA, ყველას შეუძლია ნახოს, ვინ და რა არის დარეგისტრირებული და რამდენია უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კრიტიკა გრძელდება ევროპელი ლიდერებისა და სტრუქტურების მხრიდანაც. 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს უგზავნის წერილს, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას ითხოვენ. ისინი ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების გადახედვასა და გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს პროგრესის შუალედურ შეფასებას ითხოვენ. ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გამოიჩინოს მტკიცე პოზიცია და მიიღოს ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია. როგორც ცნობილია, მესამე მოსმენით მას 13 მაისს განიხილავენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend