მთავარიმსოფლიოევროპაცვლილებების წყურვილი - ევროპაში სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის მოკლე ისტორია

ცვლილებების წყურვილი – ევროპაში სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის მოკლე ისტორია

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მომძლავრებული დემონსტრაციების ფონზე, რომლებიც დასავლეთის მიერ ისრაელის შეიარაღებისა და ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც სამოქალაქო პირების მსხვერპლი მოსდევს, გადავწყვიტეთ, თვალი გადავავლოთ ევროპაში სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის ისტორიას.

ამ სტატიის წერის დროს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში პოლიცია მივიდა პროპალესტინური საპროტესტო აქციის დასაშლელად, რომელიც ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის წინააღმდეგ იყო მიმართული.  ეს იყო ბოლო მაგალითი, თუ რა პასუხს სცემს სახელმწიფო უწყება სტუდენტების აქციას, რომელიც მიმდინარე ჰუმანიტარულ კრიზისს აპროტესტებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური დემონსტრაციაა, რომელიც კი გასული საუკუნის 60-იანი წლების ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციების შემდეგ გამართულა. პოლიცია მას შემდეგ მოვიდა, როდესაც სტუდენტების პროტესტის საწინააღმდეგოდ გამართული სიონისტების აქციის მონაწილენი თავს დაესხნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს. მსგავსი საპროტესტო მოძრაობა გაიმართა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში.  პირველ მაისს პოლიციამ დაშალა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მოწყობილი კარვები და 282 ადამიანი დააკავა, აქედან ბევრი სითის უნივერსიტეტთან აიყვანა. პროტესტსა და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი ამერიკის სხვა უნივერსიტეტებშიც: ფორდემის, ვისკონსინის, არიზონის, ტეხასისა და ტულეინის უნივერსიტეტებში.

შეხლა-შემოხლა პოლიციასა და პროპალესტინური პროტესტის მონაწილეებს შორის, ლოს-ანჯელესი, აშშ, 2 მაისი, 2024 წელი Ethan Swope/Copyright 2024 The AP

ევროპელი სტუდენტებიც შეუერთდნენ ანტისამთავრობო პროტესტს, რომელიც ისრაელის შეიარაღების ხელშეწყობის წინააღმდეგ არის მიმართული. მათ შორის ბრიტანეთის მანჩესტერის, ლიდსის, იორკის, ნიუკასლის, შეფილდისა და ბრისტოლის უნივერსიტეტებში.

პარიზში კვირის დასაწყისში დაახლოებით 100-მა სტუდენტმა გამოხატა პროტესტი სორბონის უნივერსიტეტის მახლობლად, მას შემდეგ, რაც მანამდე Sciences Po University-ის გარეთ დემონსტრაცია პოლიციას შეეჯახა. პოლიციამ ასევე დაშალა პროტესტის მონაწილეები ბერლინში.

სტუდენტური პროტესტის ევროპული ისტორია

ყველზე დიდი სტუდენტური საპროტესტო მოძრაობა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ იმართებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ 20-წლიან ომს 50 ათასზე მეტი ამერიკელი შეეწირა, 300 ათასი კი დაიჭრა.

მართალია, პირველ რიგში ვიეტნამის ომის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციები ახსენდება ადამიანს, მაგრამ ევროპას ბოროტების წინააღმდეგ მიმართული სტუდენტური პროტესტის ძალიან დიდი ტრადიცია აქვს.

პირველი სტუდენტური პროტესტი 1229 წელს პარიზის უნივერსიტეტის გაფიცვა იყო. იმ დროს პარიზის უნივერსიტეტში მთელი ევროპული ელიტა სწავლობდა. ამბოხი მოჰყვა იმ ფაქტს, რომ სტუდენტები ტავერნებიდან გამოყარეს იმის გამო, რომ ძალიან დათვრნენ დიდმარხვის წინა დღეს. სტუდენტებმა დალეწეს მაღაზიები და სცემეს ტავერნის მეპატრონე. მეფე ლუი IX-მ ამის საპასუხოდ ქალაქის მცველებს უფლება მისცა სტუდენტები დაესაჯათ და რამდენიმე სრულიად უდანაშაულო სტუდენტი მოკლეს. ასეთი ძალადობის საპასუხოდ უნივერსიტეტი ორი წლით გაიფიცა.

მე-20 საუკუნეში უმაღლესი განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდა და პოლიტიკურად აქტიური სტუდენტების რიცხვიც გაიზარდა. რამდენიმე სტუდენტური პროტესტი მეორე მსოფლიო ომის წინ მოხდა ფაშისტური რეჟიმის აღზევების პერიოდში 30-იან წლებში. ადოლფ ჰიტლერის გერმანიის კანცლერის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, 1933 წელს, მისმა პარტიამ ებრაელი მუშახელისა და მათი ნაწარმის წინააღმდეგ ბოიკოტი გამოაცხადა, რასაც ანტიფაშისტური მოძრაობა მოჰყვა გერმანიაშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

შეტაკება რესპუბლიკელ და ნაცისტ სტუდენტებს შორის ბერლინის უნივერსიტეტის წინ, 10 თებერვალი, 1933 წელი AP/AP

იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ პოლონეთში დაიწყო მოძრაობა, რათა ქვეყანაში სტალინის რეჟიმის კონტროლი შემცირებულიყო, რასაც კომუნისტი პოლიტიკოსის ვლადისლავ გომულკას დაბრუნება მოჰყვა 1956 წელს. პოლონეთის მაგალითი გადამდები გამოდგა და მისი მიბაძვით უნგრელმა სტუდენტებმა პროტესტი საკუთარი სტალინისტური მთავრობის წინააღმდეგ წამოიწყეს, რაც საბოლოოდ უნგრეთის რევოლუციამდე მივიდა. თუმცა ეს ამბოხი სწრაფად ჩაახშო საბჭოთა კავშირმა, რომელსაც 2500 უნგრელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 200 ათასი კი ქვეყნიდან გაიქცა.

გვერდს ვერ ავუვლით 1968 წლის სტუდენტურ პროტესტს ევროპაში, განსაკუთრებით ამ წლის მაისის სტუდენტურ ამბოხს პარიზში, რომლის შედეგად საფრანგეთის ეკონომიკა ფაქტობრივად გაჩერდა და პოლიტიკოსები შიშობდნენ, რომ სტუდენტურ პროტესტსა და პროფკავშირების გაფიცვებს სამოქალაქო ომი მოჰყვებოდა. პრეზიდენტი შარლ დე გოლი ქვეყნიდანაც კი გაიქცა. ეს ყველაფერი კი შედეგად ხელისუფლების მიერ პროტესტის წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენებას მოჰყვა.

სტუდენტებისა და პოლიციის შეტაკება პარიზში, 6 მაისი, 1968 წელი AP/AP1968

ყოველ წელს ათენში სტუდენტები 1973 წლის სტუდენტური პროტესტის ხსოვნას მიაგებენ პატივს. 1973 წლის 14 ნოემბერს ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას მემარჯვენეების დიქტატორული რეჟიმის მეშვეობით 1967 წლიდან აკონტროლებდა.

სტუდენტები დროშებითა და ბანერებით, ანტისამთავრობო ლოზუნგებით, მათ დაიკავეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობა, ათენი, 15 ნოემბერი, 1973 წელი AP/AP

სტუდენტებმა დაიკავეს უნივერსიტეტის შენობა და მოაწყვეს რადიოსადგური, რომლის მეშვეობითაც საკუთარ ანტიდიქტატორულ მოთხოვნებს ავრცელებდნენ. მთავრობამ ტანკი გაგზავნა უნივერსიტეტთან და მართალია, უნივერსიტეტის შიგნით არავინ დაზიანებულა, მაგრამ პოლიციამ უნივერსიტეტთან მიმდინარე დემონსტრაციებზე 24 მოქალაქე მოკლა. ხუნტა მომდევნო წელს გადავარდა და ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წინააღმდეგობა დარჩა საბერძნეთის კულტურულ ცნობიერებაში, როგორც გარდამტეხი მოძრაობა.

ჩეხოსლოვაკიის ხავერდოვანი რევოლუციაც სტუდენტების პროტესტით დაიწყო. 1989 წლის 17 ნოემბერს  – სტუდენტების საერთაშორისო დღეს კომუნისტური პარტიის პოლიციამ პრაღაში ძალის გამოყენებით დაშალა სტუდენტების დემონსტრაცია, რომელიც 50 წლისთავს აღნიშნავდა 1939 წლის 17 ნოემბრიდან, როდესაც ფაშისტებმა ძალის გამოყენებით ჩაახშეს დემონსტრაცია პრაღაში.

დაახლოებით 200 000 ადამიანია შეკრებილი პრაღაში, 21 ნოემბერი, 1989 წელი PETER DEJONG/1989 AP

ისტორიის ასეთი გამეორებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი ჩეხოსლოვაკია გაფიცვებმა მოიცვა და 28 ნოემბერს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია გადადგა.

სერბმა სტუდენტებმა პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის მიერ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი აქციები 1996 წლის ბოლოს დაიწყეს და მოძრაობამ 1997 წლის პირველ თვეებშიც გასტანა.  ბელგრადში მილოშევიჩის წინააღმდეგ შეკრებილი 200 ათასი სტუდენტი და პროტესტის სხვა მონაწილე საბოლოოდ დათანხმდა, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეეშვათ ადგილობრივი მთავრობაში. სამი წლის შემდეგ მილოშევიჩი ჩამოაგდეს.

კიდევ ერთხელ იფეთქა სტუდენტურმა პროტესტმა საბერძნეთში 2008 წელს, როდესაც პოლიციამ 15 წლის მოსწავლე ალექსანდროს გრიგოროპულოსი მოკლა. პროტესტი მალე მთელ ქვეყანას მოედო.

2010 წელს გაერთიანებულ სამეფოში ათობით ათასი სტუდენტი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში, როდესაც მთავრობამ უნივერსიტეტში სწავლის საფასური გაზარდა. მალე ლონდონის ქუჩები ქაოსმა მოიცვა, რადგან პოლიცია უმოწყალოდ უსწორდებოდა  პროტესტის მონაწილეებს. პროტესტმა ვერ შეძლო მიზნის მიღწევა და კონსერვატორების პოლიტიკური კურსის შეცვლა.

2018 წელს 15 წლის  მოწაფე გოგონამ შვედეთში უარი განაცხადა სკოლაში სიარულზე მანამდე, სანამ მისი ქვეყნის მთავრობა ზომებს არ მიიღებდა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ეს მოწაფე, რა თქმა უნდა, გრეტა ტუნბერგია, ხოლო მოზარდის მიერ წამოწყებული მცირე გაფიცვა მომდევნო წლებში გლობალურ მოძრაობად გადაიქცა.

16 წლის აქტივისტი გრეტა ტუნბერგი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად დავოსში ჩადის, 23 იანვარი, 2019 წელი AP Photo

კლიმატის დაცვისკენ მიმართული ე.წ. „სასკოლო გაფიცვების“ დროს მილიონობით მოწაფემ თქვა უარი სკოლაზე საკუთარი მომავლის დაცვის მოტივით. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული სტუდენტური პროტესტია ისტორიაში.

ავტორი: ჯონი ვოლფიჩი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend