მთავარისაქართველოსააღდგომო კვერცხის ამბავი

სააღდგომო კვერცხის ამბავი

თუ ვერ მოიხმარა ოჯახმა სააღდგომოდ შეღებილი წითელი კვერცხები და ვერც დარიგება მოხერხდა დროულად, რა ბედი ელის დაძველებულ სააღდგომო წითელ და საკრალურ კვერცხს?

ნინო ფოფხაძე ტრადიციულად სააღდგომო კვერცხებს წითლად ღებავს.

„კვერცხის შეღებვა საკმაოდ დიდი ხნის რიტუალია, იმიტომ რომ 10-10 კვერცხი იხარშება, ეს უნდა გაგრილდეს, მერე კიდევ 10 და დაახლოებით ვხარშავ 60-ამდე კვერცხს, იმიტომ, რომ ოჯახი დიდია და სასაფლაოზეც ხომ უნდა გავიტანოთ კვერცხები. არასოდეს ჩვენ ოჯახში კვერცხი არ ფუჭდება. კვირის ბოლოს ვცდილობთ კვირაცხოვლობისთვის თავიდან შევღებოთ. შენახული მაქვს ცოტა რაოდენობით, თომას სამშაბათი მიცვალებულების დღე არის და ყოველთვის ვხარშავ წითელი პარასკევის მომდევნო პარასკევს და ის მოხარშული კვერცხები, თომას სამშაბათს აუცილებლად გაგვაქვს სასაფლაოზე“,- ამბობს ნინო ფოფხაძე, დიასახლისი.

სააღდგომოდ ყველა ოჯახში სხვადასხვა რაოდენობის კვერცხი იღებება. თბილისელები წინასააღდგომოდ სიამოვნებით გვპასუხობენ კითხვაზე, თუ რა რაოდენობის კვერცხს ღებავენ.

„მე ვღებავ ჯერ 30 კვერცხს. ადრე 40 დღე ღებავდნენ კვერცხს და მე ნაწილ-ნაწილ ვღებავ და ვღებავ იმდენი ხანი, რამდენი ხანიც გვინდა რომ ვჭამოთ კვერცხი. ეს გრძელდება მინიმუმ 1 კვირა და შემდეგ ეს რის სიხარულთან დაკავშირებული, ეს არ არის გასტრონომიული და სულ სხვა გემო აქვს აღდგომის კვერცხს და თანაც, საქართველო არის ენდროს ქვეყანა, აქედან გაჰქონდათ უამრავი ენდრო, როგორც უძვირფასესი საღებავი”.

„60 კვერცხს ვღებავ, სასაფლაოზე ვტოვებ ხოლმე ბევრ საფლავზე და ვარიგებ მეზობლებში, ბავშვებს ვაძლევ ეზოში“.

„ვღებავთ ძალიან ბევრს, იმიტომ, რომ მრავალრიცხოვანი ოჯახი მყავს, შვილები, შვილიშვილები, რომ არ მოგატყუოთ 80 მაინც უნდა შევღებო და ათვისებასაც ესე დროთა განმავლობაში, ალბათ, შევძლებთ“.

„ბავშვობაში მახსოვს, რომ დედა, ბებო უფრო მეტ კვერცხს ღებავდნენ და მე მახსოვს მაშინ, რომ არიგებდნენ კიდევაც მეზობლებთან, მე რაიონში ვიზრდებოდი და იყო ასეთი რამ, ბავშვები ჩამოდიოდნენ და წაიმღერებდნენ, ალათასა-ბალათასა და ვალდებული იყავი მინიმუმ 5 კვერცხი მაინც მიგეცა. შესაბამისად, გასავალი იყო ამ კვერცხების, ახლა ძირითადად მხოლოდ იმდენს ღებავენ, რამდენსაც ოჯახში მოიხმარენ და რამდენსაც საფლავზე გაიტანენ.  ძალიან რაციონალურად, იმდენს არა, რომ ვთქვათ, ორი კვირა არ იჭმება, სამი კვირა და მერე გადაყრიან. ამას ძალიან საკრალური მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად, წითელი კვერცხის მოხარშვას ჩვეულებრივი საოჯახო კვერცხის მოხარშვისგან განსხვავებით დიდი სხვაობა აქვს. ამიტომ ცოტა მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს შემღებავი, რადგან წითელი კვერცხი საუფლო ნიშანია“.

„დაახლოებით 60-70-80 კვერცხს, როგორც გადმომცა ჩემმა მამამ და პაპამ, ისე ვაკეთებ ყველაფერს. ძველი ტრადიციული წესით კვერცხსაც ვღებავ, ეკლესიაშიც დავდივარ და ვლოცულობ, სასაფლაოზე გავდივარ მეორე დღეს, მიცვალებულების საფლავზე კვერცხს ვაგორებ და ხსოვნას ვიტყვი და მოვდივარ სახლში“.

80 ცოტა არ არის… იმედია, ყველა წითელი კვერცხი იპოვის თავის სააღდგომო გურმანს და არც ერთი არ დაძველდება.

მაგრამ თუ მაინც ვერ მოიხმარა ოჯახმა სააღდგომოდ შეღებილი წითელი კვერცხები და ვერც დარიგება მოხერხდა დროულად, რას მიგვითითებს სააღდგომო კვერცხების ტრადიცია? რა ბედი ელის დაძველებულ სააღდგომო წითელ და საკრალურ კვერცხს?

„ეს ტრადიცია საკმაოდ ძველია, ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში უკვე არის ცნობები, რომ კვერცხებს წითლად ღებავდნენ. წითელი განასახიერებს ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლს, რომელმაც მთელ მსოფლიოს მოუტანა სიცოცხლე და დასძლია ბოროტება და მოგვანიჭა ჩვენ სიცოცხლე. ასევე ითვლება, რომ პირველი რაც უნდა ქრისტიანმა აღდგომას მიიღოს, არის წითლად შეღებილი კვერცხი მარხვის შემდეგ, სასურველია, რომ აღდგომა ღამისთვის უკვე შეღებილი იყოს. მრავალი ოჯახი პარასკევს ღებავს, შაბათსაც შეიძლება, მთავარია, რომ აღდგომას უკვე გვქონდეს კვერცხი, რომელსაც ხშირად ვჩუქნით ერთმანეთს და ვულოცავთ სიტყვებით ქრისტე აღდგა. სასურველია, რომ ნაგავსაყრელზე არ გადავყაროთ, შეიძლება ვთქვათ სეფისკვერი დაგრჩეს, კვერცხი დაგრჩეს და როგორც წესი, სუფთა ადგილას ან მარხავენ, ან წვავენ ეკლესიებში. ჩვენ ოჯახში წითელ პარასკევს რომ ვღებავთ, შემდეგ ვინახავთ საღებავს თუ ენდროს და ვამატებთ კიდევაც. მე მიმაჩნია, მაგალითად, რომ არ არის საჭირო 50 კვერცხის შეღებვა, ჯობს შემდეგ დავუმატოთ ამას სურვილისამებრ… “- ამბობს თეოლოგი ლევან აბაშიძე.

აღდგომისათვის მზადება დიდი ზეიმი და სიხარულია. გათენდება და თითქმის მთელი საქართველო შეაჯახებს ერთმანეთს წითელ, ჭახუნა კვერცხებს. რა კარგი იქნება, რომ ზუსტად იმდენს, რამდენის დაგემოვნება ან სხვათათვის დარიგება შეეძლება თითოეულ ოჯახს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend