მთავარისაქართველოროცა აღდგომა დგება

როცა აღდგომა დგება

როცა საქართველოში სააღდგომო დღესასწაული ახლოვდება, თბილისში ტურისტების რაოდენობა იმატებს. მათი ნაწილი ქვეყანას შვებულების გასატარებლად სტუმრობს, ნაწილი კი მომლოცველთა ჯგუფებია. ისინი ჩამოდიან ისრაელიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან და აქ ძირითადად ოჯახური, ეროვნული და რელიგიური ტრადიციები აინტერესებთ.

„საქართველო რელიგიის სავანეა, ამიტომ მომლოცველისთვის მეტად საინტერესოა. ჩამოსულებს აინტერესებთ თბილისი, მცხეთა, კახეთი“, – ამბობს გიდი ინგა დათუნაშვილი.

„აინტერესებთ ოჯახური, ეროვნული ტრადიციები“, – ამბობს გიდი, ტუროპერატორი ლიკა მოშიაშვილი.

ამ მოგზაურობისას ისინი ათვალიერებენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციულ კერძებს აგემოვნებენ და ქვეყნის ისტორიას ეცნობიან. როგორც თავად ჰყვებიან, საქართველოს კულტურა ძალიან აინტერესებთ და მოსწონთ. აღდგომის ტრადიციებზე კი, როგორც წესი, აქ ყოფნისას იგებენ.

„მე შვედეთიდან ვარ, საქართველოში მეორედ ჩამოვედი. ზუგდიდში ნათესავები მყავს. საქართველოში 25 დღით ვარ და ნათესავებს უნდა ვესტუმრო. აქ ყოფნის დროს უკვე მოვინახულე ზუგდიდი, ქუთაისი, კახეთი. ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ძალიან საინტერესო ტრადიციები გაქვთ. ვიცი, რომ კვირას აღდგომას აღნიშნავთ, მაგრამ ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი“, – ამბობს ტურისტი შვედეთიდან.

„საქართველოში პირველად ვარ, ყველაზე მეტად ქართული სამზარეულო მომეწონა. ძალიან მეგობრული ხალხი ხართ, საინტერესოა ძველი შენობების დათვალიერება. საქართველოს ტრადიციებზე არაფერი მსმენია. ისიც არ ვიცოდი, ახლა თუ აღდგომას აღნიშნავთ, მაგრამ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში სიამოვნებით მოვისმენდი ამის შესახებ“, – ამბობს ტურისტი.

„საქართველოში პირველად ვარ, ცოტა ხანში ბათუმში ვაპირებთ წასვლას. არაჩვეულებრივი ამინდია აქ და ხალხიც ძალიან სასიამოვნო. შვედეთში აღდგომა რამდენიმე კვირის წინ აღვნიშნეთ. ვიცი, რომ საქართველოში ახლა აღნიშნავთ, მაგრამ არ ვიცი, ასეთი სხვაობა რატომ გვაქვს. ჩემთვის საინტერესო იქნება ამ დღესასწაულზე ინფორმაციის მოსმენა“, – ამბობს ტურისტი შვედეთიდან.

„საქართველოში გერმანიიდან ჩამოვედი. ვიცი, რომ საქართველოში ახლა აღდგომას აღნიშნავთ, ტრადიციებზე ზედაპირული წარმოდგენა მაქვს, ბევრი არაფერი ვიცი“, – ამბობს ტურისტი გერმანიიდან.

ზოგმა ბევრი არაფერი იცის, ზოგმა კი – მეტი. გიდები გვიყვებიან, რომ ტურისტების ნაწილს ამ დღესასწაულის შესახებ საკუთარი აღქმები აქვთ.

„სამჯერ მცხეთაში შესვლა ერთხელ იერუსალიმში ჩასვლის ტოლფასიაო, ამიტომ, როცა აქ ჩამოდიან, დიდი ემოციით მიდიან“, – ამბობს გიდი ინგა დათუნაშვილი.

„დღეს ებრაელ ერს აქვს საშუალება, ფესახს შეხვდნენ საკუთარი ტრადიციების სრული დაცვით. მათ ფესახს აგრძელებს ჩვენი აღდგომა და არის შემთხვევები, როცა ორი კვირა რჩებიან“, – ამბობს გიდი, ტუროპერატორი ლიკა მოშიაშვილი.

ტურისტულ სეზონთან ერთად გიდები და ტუროპერატორები ტურისტების მატებას ელოდებიან. თუმცა იქამდე საქართველოში იმ დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელიც ქრისტიანების აზრით, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებაა.

ავტორი: ანა ალელიშვილი
ოპერატორი: გიორგი კოპაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend