მთავარისაქართველოკვერცხის წარმოება

კვერცხის წარმოება

სააღდგომოდ წითლად შეღებილ კვერთხებს ყველგან შეხვდებით: სახლებში, ეკლესიებში, ქუჩებსა და მაღაზიებში. შესაბამისად, წინასააღდგომოდ მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა კვერცხზე. დღესასწაულის დღეებში გაყიდვების რაოდენობა სულ ცოტა ორმაგდება. კვერცხის მწარმოებელი კომპანიები განსაკუთრებით ემზადებიან, რათა ქვეყანაში არსებულ მაღალ მოთხოვნას უპასუხონ.

„ვახდენთ დამატებითი კადრების მაქსიმალურ მობილიზაციას, რომლებიც ჩვენ გვჭირდება დატვირთვებში, გადაზიდვებში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ქართველ მომხმარებელს, კვერცხი მივაწოდოთ ოპერატიულად, დროულად და მეტი მომხიბვლელობით. მიწოდება არ შეფერხდეს, დეფიციტი არ გაჩნდეს ქსელში. ხოლო კვერცხი იყოს ახალი და ხარისხიანი“, – ამბობს „კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის” დირექტორი გოგიტა მაისურაძე.

მაღალი მოთხოვნის მიუხედავად საქართველოში კვერცხის დეფიციტის საშიშროება არ დგას. კვერცხის მწარმოებელ კომპანიებში ამბობენ, რომ სააღდგომოდ მოსახლეობას კვერცხის შეძენა შეფერხების გარეშე შეუძლია.

„ქართულ რეალობაში წარმოების ერთადერთი ინდუსტრია არსებობს, სასურსათო კვერცხის წარმოება, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნას. ეს არა მხოლოდ წელს, არამედ ბოლო რამდენიმე წელია ასეა. დეფიციტის საშიშროება არასდროს ყოფილა, არც წელს დგას და დარწმუნებული ვარ, არც მომავალ წელს არ იქნება. კონკურენცია ძალიან დიდია. არსებობს დიდი ფაბრიკები, დიდი მწარმოებლები. ასევე არიან საშუალო მწარმოებლები და პატარა მწარმოებლები. ზოგადად, დღეს საქართველოს ბაზარი გაჯერებულია ქართული ადგილობრივი წარმოებით“, – ამბობს გოგიტა მაისურაძე.

თუმცა ფრინველის პროდუქციაზე მოთხოვნის ზარდა მხოლოდ აღდგომას არ უკავშირდება.

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ინფორმაციით, ამ პროდუქტზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 3-4 პროცენტით იზრდება.

„ქართველი მეფრინველეები ვცდილობთ, რომ გაზრდილ წარმოებას ფეხი ავუბათ. წინასწარ ისე ვგეგმავთ ხოლმე, რომ ძალიან დიდი ხანია კვერცხის მიმართულებით საქართველოში, როგორც ასეთი დეფიციტი არ გვქონია. წელსაც ანალოგიური სიტუაცია გვაქვს. აღდგომისთვის წინასწარ ყველამ იცის, თუ ამ დროს დაახლოებით რამდენით მატულობს რეალიზაცია. გვაქვს წინა წლების მონაცემებიც. წელსაც ყველა მეურნეობა შესაბამისად მოვემზადეთ“, – ამბობს „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი.

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ინფორმაციით, წინასააღდგომოდ კვერცხის ფასი არ გაზრდილა, ქვეყნის მასშტაბით არც მიწოდების პრობლემები შექმნილა.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend