30 აპრილის ღამეს ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია წყლის ჭავლით, ცრემლსადენი აირითა და წიწაკის სპრეით დაშალეს.
საპოლიციო დანაყოფები დემონსტრანტებს ადგილზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
პოლიციამ მშვიდობიანი აქციის დაშლა 21 საათზე დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულდა და დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობა უნდა დაეტოვებინათ.
თავდაპირველად სპეცრაზმმა ადგილზე გაფრთხილების გარეშე, წიწაკის სპრეის გამოყენებით სცადა დემონსტრანტების გარიდება პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელიდან. სპეციალური ღონისძიებების გამოყენება სწორედ იმ ადგილზე დაიწყო, სადაც დიდწილად სტუდენტები იდგნენ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელი სრულად გაათავისუფლეს მომიტინგეებისგან, სპეცრაზმი შენობის გვერდითა ქუჩებზე განლაგდა. ვითარება საპოლიციო დანაყოფებსა და მომიტინგეებს შორის არაერთხელ დაიძაბა.
იყო სიტყვიერი და ფიზიკურ დაპირისპირებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დემონსტრანტების ნაწილი გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, რის შემდეგაც, დაახლოებით ღამის 12 საათზე, ჩაირთო გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი, აქციის დაშლის შესახებ. მალევე, პარლამენტის შენობის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლთან ერთად ცრემლსადენი აირის ყუმბარები ისროლა. მომიტინგეები იძულებული გახდნენ, პარლამენტის შენობის წინა ტერიტორია დაეტოვებინათ და რუსთველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაენაცვლათ. დაშავებულებს ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდებოდათ.
ადგილზე დემონსტრანტებთან სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომდგენლებთან ერთად, იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ჩანს, რომ მას მძიმე ფიზიკური დაზიანებები აქვს.
ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. საპოლიციო დანაყოფების მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ საუბრობდნენ მომიტინგეები და ჟურნალისტები. ადგილზე მყოფი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცველები მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 30 აპრილის ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, დაშავებულია 6 სამართალდამცველი. რაც შეეხება დაშავებულ მომიტინგეებს – ჯანდაცვის სამინისტროში, ევრონიუს ჯორჯიას უთხრეს აქციის მონაწილეებიდან 11 პირი დაშავდა, რომელიც სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, ნაწილმა სამკურნალო დაწესებულებები უკვე დატოვა.
მიუხედავად სპეციალური საშუალებების არაერთხელ გამოყენებისა, რუსთველის გამზირზე მომიტინგეთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩა. რუსთაველის გამზირი სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაახლოებით 1 მაისის დილის 5 საათზე დატოვა.