უკრაინის სამხრეთის ქალაქ ოდესაში გოტიკური სტილის შენობაზე რუსების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობებით, საჰაერო განგაშის ხმა თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე გაისმა, თუმცა შენობაში მყოფმა ადამიანებმა ვერ მოასწრეს თავშესაფარში ჩასვლა.
სამხრეთის თავდაცვის ძალების სპიკერის დმიტრო პლეტენჩუკის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს რაკეტის ტიპის დადგენა. ექსპერტები და სხვადასხვა სამსახური, მათ შორის სახელმწიფო საგანგებო სამსახური, მუშაობენ სარაკეტო იერიშის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. პლეტენჩუკის შეფასებით, ეს ომის მორიგი დანაშაულია.
ორშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევში განაცხადა, რომ ალიანსის წევრებმა დროულად ვერ შეასრულეს ის, რასაც უკრაინას დაჰპირდნენ. ამან კი რუსეთს ბრძოლის ველზე უპირატესობა მიანიჭა.
Important to visit Kyiv again and meet with President @ZelenskyyUa. The situation is difficult, but it is not too late for #Ukraine to prevail – and more support is on the way. #NATO is also stepping up for the long haul, putting Ukraine on an irreversible path to the Alliance. pic.twitter.com/VbY1F8fBMR
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) April 29, 2024
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრეს მოლაპარაკებების დაჩქარების, უკრაინელი მებრძოლებისთვის იარაღის დროულად მიწოდებისა და იმ საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის თაობაზე, რომლებიც ასე სჭირდებათ უკრაინის მოქალაქეების დასაცავად.
უკრაინული ძალები რთულ მდგომარეობაში არიან ბრძოლის ველზე. მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება გაუარესებულია. დონეცკის რეგიონში მათ გარკვეული პოზიციებიდანაც კი მოუწიათ უკან დახევა.
ამავდროულად, ჟენევაში, ნაღმებთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეხვედრაზე, ოფიციალურმა პირებმა იმსჯელეს პრობლემებზე, რომლებსაც ადამიანები კონფლიქტის დროს ან მის შემდგომ აწყდებიან.
გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი უკრაინაში პოლ ჰესლოპი ამბობს, რომ კონფლიქტის ინტენსივობიდან გამომდინარე, გაორმაგებული, ხან გასამმაგებულიც კია იმ მებრძოლებისა და მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც კიდურები აქვთ ამპუტირებული. მისი თქმით, დაშავებულთა უმეტესობა 20 – 30 წლისაა.
გაეროში აცხადებენ, რომ 60 ქვეყანაში მცხოვრები 60 მილიონი ადამიანი საფრთხის ქვეშაა. მათ არ იციან, როდის დააბიჯებენ ნაღმს თუ კონფლიქტის შედეგად დატოვებულ აუფეთქებელ ჭურვს.