მთავარიკულტურაკანის საერთაშორისო კინოფესტივალი 2024 - ჟიურის წევრთა სია ცნობილია

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 2024 – ჟიურის წევრთა სია ცნობილია

ევა გრინი, ლილი გლედსტოუნი, ომარ საი და  ჰიროკაძუ კორეედა კანის წლევანდელი საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრები იქნებიან, ჟიურის პრეზიდენტი კი ფილმ „ბარბის“ რეჟისორი გრეტა გერვიგი იქნება.

კანის 77-ე  საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სია უკვე ცნობილია და ის საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. კინოფესტივალი 14-15 მაისს გაიმართება და  ჟიურის, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ მოიპოვებს წელს „ოქროს პალმის რტოსა“ და სხვა საპატიო პრიზებს,   ფილმ „ბარბის“ რეჟისორი გრეტა გერვიგი უხელმძღვანელებს. მისი წევრები კი იქნებიან:

ამერიკელი მსახიობი ლილი გლედსტოუნი, რომელიც პირველი ე.წ. აბორიგენი ამერიკელი ქალია, რომელიც ოსკარზე იყო წარდგენილი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „ყვავილის მთვარის მკვლელები“;

„ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი იაპონელი კინორეჟისორი ჰიროკაძუ კორეედა, რომლის ფილმმაც „ურჩხული“ გასულ წლის კანის ფესტივალზე საუკეთესო სცენარის პრიზი აიღო;

ფრანგი მსახიობი ქალი ევა გრინი;

ფრანგი მსახიობი და პროდიუსერი ომარ საი, რომელმაც ახლახან ბერლინალეს კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა ფილმით „უცხოელების საქმე“.

ლიბანელი კინორეჟისორი და სცენარისტი ნედინ ლაბაკი, რომლის ფილმმაც „კაპერნაუმი“ 2018 წელს კანის ჟიურის პრიზი მიიღო; ესპანელი რეჟისორი და სცენარისტი ხუან ანტონიო ბაიონა, რომელმაც ახლახან გადაიღო ფილმი „თოვლის საზოგადოება“.

იტალიელი მსახიობი პიერფრანჩესკო ფავინო;

თურქი სცენარისტი და ფოტოგრაფი ებრუ ჯეილანინური ბილგე ჯეილანის ცოლი და დიდი ხნის თანამშრომელი, რომლის ფილმმა „ზამთრის ძილი“ 2014 წელს „ოქროს პალმის რტო“ მიიღო.

რაც შეეხება კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამას, წარდგენილია შონ ბეიკერის Anora; დონალდ ტრამპის ბიოგრაფიული ფილმი  The Apprentice, რომელიც ალი აბასიმ გადაიღო; ანდრეა არნოლდის „ჩიტი“ ბარი კეოგანისა  და ფრანც როგოვსკის მონაწილეობით;

იორგოს ლანთიმოსის  ფილმი Kinds of Kindness, ემა სტოუნისა და უილემ დეფოს  მონაწილეობით;  პოლ შრეიდერის  ფილმი „Oh, Canada“ რიჩარდ გირისა და ჯეიკობ ელორდის მონაწილეობით;

პაოლო სორენტინოს  ფილმი Parthenope  გარი ოლდმენის მონაწილეობით, დეივიდ კრონენბერგის  ფილმი The Shroud და კორალი ფარჟას   საშინელებათა ჟანრის ფილმი The Substance.

მიუხედავად ასეთი ვარსკვლავური შემადგენლობისა, ყველა მაინც მოუთმენლად ელოდება ფრანსის ფორდ კოპოლას   ფილმს „მეგაპოლისი“, რომელშიც  მთავარ როლს ადამ დრაივერი ასრულებს.  კანის წლევანდელ ფესტივალზე „ნათლიმამას“ რეჟისორსაც ელოდებიან, რომელსაც 85 წელი შეუსრულდა. მან ორჯერ მოიპოვა „ოქროს პალმის რტო“ 1974 წელს ფილმით „საუბარი“ და 1979 წელს ფილმით „აპოკალიფსი ახლა“.

გასულ კვირას კიდევ სამი ფილმი დაემატა საკონკურსო პროგრამას: მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმი The Most Precious of Cargoes; ემანუელ პარვუს  ფილმი Trois kilomètres jusqu’à la fin du monde  და მოჰამად რასულოფის ფილმი  The Seed of the Sacred Fig  – ეს არის ირანელი რეჟისორი, რომელიც მთავრობის კრიტიკის გამო დაპატიმრებულიც იყო, ამიტომ არავინ იცის ზუსტად, დაესწრება თუ არა იგი კანის კინოფესტივალს.

ბელგიელი მსახიობი ქალი ლიუბნა აზაბელი უხელმძღვანელებს  Cinefondation-ისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის, ხოლო  ბელგიურ-კონგოური წარმოშობის მომღერალი და კინორეჟისორი ბალოჯი  სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის „ოქროს კამერის“ (Camera d’Or) ჟიურის თავმჯდომარე იქნება.

„ოქროს პალმის რტოს“ გამარჯვებული კინოფესტივალის დახურვის დღეს, 25 მაისს, გამოცხადდება.

ავტორი: დევიდ მურიკანი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend