მთავარიკულტურააუცილებლად სანახავი პავილიონები და გამოფენები ვენეციის ბიენალეზე

აუცილებლად სანახავი პავილიონები და გამოფენები ვენეციის ბიენალეზე

ვენეციის  მე-60 საერთაშორისო გამოფენის ბიენალეს ყურადღების ცენტრში გლობალური სამხრეთი და ისტორიულად მარგინალიზებული ხელოვანები აღმოჩნდნენ

თანამედროვე ხელოვნების მე-60 საერთაშორისო გამოფენა – ვენეციის ბიენალე – კაშკაშა და თამამი სანახაობა აღმოჩნდა, რომელიც საზღვრებს არ ემორჩილება.

საერთაშორისო გამოფენა განთქმულია იმით, რომ ის ყველაზე მწვავე მიმდინარე გეოპოლიტიკურ საკითხებს აშუქებს და გამონაკლისი არც წლევანდელი ბიენალე აღმოჩნდა.

გამოფენის სახელწოდება „უცხოელები ყველგან არიან“, რომელიც მას  კურატორმა ადრიანო პედროსამ შეურჩია, საკმაოდ მოქნილი და მრავლისმთქმელი იყო, რადგან მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა ნაციონალიზმი, იძულებითი გადაადგილება, მარგინალიზაცია და კოლონიალიზმი.

ბიენალეს  ზოგიერთი პავილიონი და გამოფენა ღიად უპირისპირდება ამ თანამედროვე საკითხებს. ნიდერლანდების პავილიონმა, გარდა იმისა, რომ გააშუქა კოლონიურ პერიოდში ხელოვნების  ნიმუშების მიტაცების ირგვლივ მიმდინარე კამათი, ქმედითი ნაბიჯიც გადაგა: შეძლო, დაერწმუნებინა ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმი, რომ გამოფენის მსვლელობის დროს კონგოსთვის დაებრუნებინა ხის ფიგურები.

ავსტრალიის პავილიონში გამოფენილი ინსტალაცია – ბნელ ფონზე გამოსახული გენეალოგიური ხის დიაგრამა, რომელიც ავსტრალიელ შემოქმედს არჩი მურს ეკუთვნის, არის მცდელობა იმისა, რომ ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობის ტკივილიანი ისტორია გადმოსცეს.

სხვა ხელოვანები ამ თემებს უფრო კონცეპტუალურად მიუდგნენ და სცადეს, წარმოეჩინათ გაუცხოებისა და შეუღწევადი საზღვრების საკითხები.

მე-60 ბიენალე ასევე აქცენტს აკეთებს ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნებზე, რომლებიც ისტორიულად ძალიან მცირედ არიან წარმოჩენილი საერთაშორისო ხელოვნების მაღალ ეშელონებში. პედროსა ბიენალეს პირველი ლათონოამერიკელი კურატორია და იგი ძალიან მკაფიოდ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, არ დარჩეს კადრს მიღმა.

გთავაზობთ იმ პავილიონებისა და გამოფენების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ 2024 წლის ვენეციის ბიენალეზე.

Nucleo Storico და Nucleo Contemporaneo, ცენტრალური პავილიონი

ძალიან ძლიერი სიმბოლიზმის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ Giardini-ში ჩადგმული ჩვეულებრივ თეთრი ფერის ცენტრალური პავილიონი თვალისმომჭრელი ფერებით გარდაისახა. ეს მიურალი მხატვართა ჯგუფის MAHKU-ის (Movimento dos Artistas Huni Kuin) კოლექტიური ნამუშევარია, რომელიც ბრაზილიის ამაზონიდან ჩამოვიდა და რომელიც დასავლური ხელოვნების გარკვეულ მოდიფიკაციებსაც მიმართავს.

.Rebecca Ann Hughes

„იგი უარყოფს მიმიკრიას, პერსპექტივას, პროპორციის წესებსა თუ კანონიკურ ტექნიკას და მთლიანად აღიარებს miração-ს ძალას, წარმოსახვას, რომელიც ჩნდება რიტუალების დროს აიაჰუასკას მიღების შემდეგ“, – განმარტავენ ჯგუფის წევრები.

საგამოფენო დარბაზის ფასადს თვალისმომჭრელი მოზაიკა ამშვენებს, რომლის ქარგაც მითოლოგიურ თქმულებებსა და წინაპართა გადმოცემებს ეყრდნობა. შენობის შიგნით კი იმ ე.წ. გარიყული ხელოვანების ათობით ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებსაც მანამდე ბიენალეზე არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა.

 Nucleo Storico და Nucleo Contemporaneo, Arsenale

Arsenale- ის პავილიონის მთავარი გამოფენის მეორე ნახევარში დომინანტი ფაქტურა ქსოვილია, ხოლო მთავარი თემა – გლობალური სამხრეთი. აქაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კლასიკური ფორმები, რომლებიც დახვეწილი ხელოვნების საფუძველია – იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება თუ გრაფიკა.

დარბაზები სავსეა ნაქარგით, თექით, საღებავებითა და გვირისტებით.  ხელოვანები, რომლებსაც, სავარაუდოდ, არასოდეს მოუხსენებიათ საკუთარი თავი ამ სიტყვით და მრავალ მათგანს არასოდეს გამოუფენია ნამუშევარი მუზეუმში აქამდე, თავის სათქმელს სახვით ხელოვნებაში ქსოვილითა და ძაფებით გადმოსცემენ.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გამოფენის დასაწყისშივე უზარმაზარ ნაქარგ ტილოს, რომელიც  ჯგუფ Bordadora de Isla Negra-ის ნამუშევარია. ეს ჯგუფი ჩილედანაა და მისი წევრები თვითნასწავლი ქალები არიან, რომლებმაც ხასხასა ქსოვილებზე აღბეჭდეს თავიანთი ზღვისპირა სოფლის ყოფა 1967-1980 წლებში.

იქვე, ფილიპინებში, დაბადებული პაკიტა აბადის გვირისტით ნამუშევარი ფერადი ტილოა, რომლის შთაგონების წყაროც ემიგრაციული ცხოვრებაა, რომელიც ამ ხელოვანის ინტერესის საგანია. გვირისტით ნაქარგი „გუანტანამოს ყურეში მომლოდინე ჰაიტელები“ (1994) მავთულხლართების მიღმა მყოფთა იმედს აჩვენებს. ხოლო ტილოზე „შეერიე ხალხს, სანამ თავს გამოიჩენ“ (1995) გამოსახულია ინდონეზიურ ეროვნულ სამოსში, სარონგში, გამოწყობილი ქალი,  Yankees-ის ბეისბოლის კეპი, Bulls-ის კალათბურთის მაისური, რაც მიუთითებს იმ შინაგან ბრძოლაზე, რომელსაც ემიგრანტები ახალ გარემოში ინტეგრაციის დროს განიცდიან.

ავსტრალიის პავილიონი, Giardini

როდესაც დღის სინათლიდან ავსტრალიის პავილიონის  ბნელ ინტერიერში აღმოჩნდებით, რამდენიმე წამი დაგჭირდებათ, რომ შავ კედელზე თეთრი ცარცით მიხატული დიაგრამა აღიქვათ. დარბაზის ოთხივე კედელზე გენეალოგიური ხეა დახატული, რომელიც ავსტრალიელი აბორიგენი ხელოვანის არჩი მურის აბორიგენი და ბრიტანელი წინაპრების კვალს მიჰყვება, რომელიც  65 ათას წლის წინ იწყება. ეს ნამუშევარი, რომელსაც  „საგვარტომო“  ჰქვია,  ავსტრალიის აბორიგენი ტომების წარმომავლობასა და ურთიერთკავშირს მიაგებს პატივს, თუმცა, ამავდროულად, ტკივილიანი წარსულის ტრავმასაც გამოხატავს.

Rebecca Ann Hughes

ამ დიაგრამაზე სახელების ნაცვლად რამდენიმე გრაფაში მითითებულია რასობრივი დაწყვილება და ინფორმაცია სისხლის სიწმინდესა და წარმომავლობაზე, ხოლო ცარიელი უჯრები მიანიშნებს იმ წინაპრებზე, რომლებიც დახოცეს ან გააქრეს საჯარო ცნობარებიდან.

შუაში მდგომი მაგიდა დახუნძლულია იმ დოკუმენტებით, რომლებიც გამომძიებლის მიერ სახელმწიფო ციხეში გარდაცვლილი აბორიგენი ავსტრალიელების სიკვდილის საქმეზე ჩატარებულ ძიებას უკავშირდება. ეს ძალიან შთამბეჭდავი ნამუშევარია, რომელიც აფხიზლებს საზოგადოებას და რომელმაც წლევანდელი ბიენალეს ოქროს ლომიც მოიპოვა –  საუკეთესო ეროვნული პავილიონის ჯილდო.

გერმანული პავილიონი, Giardini

პრესასთან წინასწარი შეხვედრების დროს ბევრი თვლიდა, რომ გერმანიის პავილიონი აუცილებლად  სანახავებს შორის იყო. მართლაც, ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომლებიც ბიენალეზე მისულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს: არის ექსცენტრული და ანგრევს ნორმებს.

ხელოვანების მაიკლ აკსტალერისიაელ ბარტანას, რობერტ ლიპოკისერსან მონტაგის, ნიკოლ იულიესა და იან სენტ ვერნერის  ნამუშევრებით წარმოდგენილი გამოფენა „ზღურბლი“ საზღვრების კონცეფციას იკვლევს.

პირველად ამ გამოფენის ისტორიაში წარმოდგენილი ინსტალაცია სცდება ერთი პავილიონის –  Giardini-ის საზღვრებს და მეზობლად მდებარე კუნძულ ლა-ჩერტოზაზე გადადის. ეროვნულობის სიმბოლური რღვევის თემა ყოველწლიურ ტრადიციად იქცა ბიენალეზე, რადგან ეს პავილიონი ფაშისტური პერიოდის არქიტექტურის ნიმუშია და წარსულს ვერ ივიწყებს. რამდენად გადავლენ გამოფენის სტუმრები ლა-ჩერტოზაზე, მომავალი აჩვენებს, მით უმეტეს,  რომ ერსან მონტაგის მტვრით დაფარული ნაომარი სცენა ნამდვილად იპყრობს ყურადღებას.

ლიბანის პავილიონი, Arsenale

პედროსას ცენტრალური გამოფენის თემას აგრძელებს ლიბანის პავილიონიც, რომელიც ცდილობს, დაამსხვრიოს კარგად დამკვიდრებული დასავლური მითი.

თავის ნამუშევარში „მითთან თამაში“ ხელოვანი მუნირა ალ სოლჰი ლიბანის დაარსების შესახებ არსებულ თქმულებას იყენებს, რომლის მიხედვითაც, ზევსმა  თეთრი ხარის სახე მიიღო და ასე შეაცდინა და მოიტაცა ფინიკიელი პრინცესა ევროპა.

ალ სოლჰიმ თავდაყირა დააყენა მითი, შეცვალა გენდერული ბალანსი და კაცისგან ძლეული ქალის ნაცვლად ევროპა გამოსახა მძლეველად, რომელიც „ზევსს ფეხით  ბურთივით ისვრის“.

Rebecca Ann Hughes

ინსტალაცია „მითთან თამაში“ ნავის ირგვლივ არის განლაგებული, რითაც სიმბოლურად მნახველებს ემანსიპაციის მოგზაურობაში ეპატიჟება. ნავის იალქანზე აჩვენებენ 12-წუთიან ფილმს, რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ აბზრიალებს ქალღმერთი ურნას, რომელშიც ხარის თავია მოთავსებული. „მე ვეძებდი დიდებულ თეთრ ხარს…მაგრამ ხელთ მხოლოდ თხა შემრჩა“, – ვკითხულობთ პოეტურ პწკარედში.

“მინდა ვაჩვენო, რომ ჩვენ, ქალებს, არ გვინდა მსხვერპლის როლის თამაში,“ – უთხრა ალ სოჰიმ პავილიონის კურატორს ნადა განდურს ინტერვიუს დროს. „ჩვენ უკან უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ამბები, გავაფერადოთ,  შევცვალოთ, შევასწოროთ, ამოვაყირაოთ, რათა მისაღები გავხადოთ“.

რუმინეთის პავილიონი, Giardini

რუმინეთის პავილიონის გამოფენა „რა არის სამუშაო“  წარმოდგენილია სარბან სავუსა და  Atelier Brenda- ნამუშევრებით, რომელსაც დიზაინერები ნანა ესი და სოფი კეიჯი უძღვებიან.

ცემენტის კედლებიან ნათელ ოთახში კედლები სავსეა სოციალური რეალიზმის ჟანრის მსგავსი ნახატებით, თუმცა უფრო ნაზი პასტელითაა შესრულებული. თუ ახლოდან დააკვირდებით,  სამუშაო ადგილის ამსახველი პასაჟები უფრო დასვენებას ჰგავს, ვიდრე შრომას და იქ „ თავგზაარეული და აპათიური ტიპაჟები გვხდებიან“.

Rebecca Ann Hughes

ჩაფხუტიანი კაცები წარმოსახვით ტაბურეტებზე სხედან უცნაურად ცარიელ მშენებლობაზე. მუზეუმის თანამშრომელს შუასაუკუნეების საკურთხევლის წინ მდგარ სკამზე სძინავს. ნამუშევრებზე ასევე წარმოდგენილია ლტოლვილობისა და ნოსტალგიის განცდა, რომელიც მიგრანტების შრომასთან ასოცირდება.

კოსმიური ბაღი“, Salone Verde

ინდოელი ხელოვანების ნამუშევრებითა და ნაქარგებით წარმოდგენილი თანმხლები გამოფენა „კოსმიური ბაღი“, ფაქტობრივად, პედროსას Nucleo Contemporaneo-ს გაგრძელებაა. Salone Verde-ის პავილიონში განთავსებული გამოფენის ოთახები სასიამოვნოდ გაგაოცებთ იდუმალი და ენიგმატური ნახატებითა და ქანდაკებებით, რომლებიც ინდოელ ხელოვანებს მადვი პარეხსა  და მანუ პარეხს  ეკუთვნით. მათი ნამუშევრების შთაგონების წყარო უძველესი ინდური მითები და  ეზოთერული ვედური სიმბოლოებია. მათ გვერდით გამოფენილია კარიშმა სვალისა და  Chanakya School of Craft’s-ის კოლოსალური ნაქარგი ტილო.

Rebecca Ann Hughes

“ამ პროექტის მიზანია, რომ გადააფასოს ქალის  ქარგვასთან დამოკიდებულება, რომელიც სცდება სახლს და ხელით ნაქარგი საჯარო სივრცეში გააქვს,“ – ამბობენ გამოფენის კურატორები.

ნახატები და ქსოვილები წარმოსახვისა და ამაღლებული განწყობის ზეიმს ქმნიან, სადაც მრავალკიდურებიანი წითელი და ლურჯი ღვთაებები, სახეცვლილი ადამიანები და ცხოველები დააბიჯებენ.

ავტორი: რებეკა-ენ ჰიუზი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend