წამყვანი საერთაშორისო კომპანიების, ეკოლოგიური პოლიტიკის ლიდერი ქალაქებისა და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოიყარეს თავი გარემოსდაცვითი ანგარიშგების ლიდერი პლატფორმის CDP-ის დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე პარიზში, რათა განეხილათ უფრო ეკოლოგიურ ეკონომიკაზე გარდამავალი ეტაპის დაფინანსების საკითხები.
26 მარტს თავის ყოველწლიურ დაჯილოდების ცერემონიაზე ორგანიზაცია CDP-მა ყველაზე ამბიციური ეკონომიკური სუბიექტები დაასახელა, რომლებიც უფრო მწვანე მომავლისკენ მიავალ გზაგზე დაწიანურდნენ.
CDP (Carbon Disclosure Project- „ნახშირბადის გამომჟღავნების პროექტი“ ) არის მთელ მსოფლიოში ქალაქებისა და კომპანიების გარემოსდაცვითი ანგარიშგების ლიდერი პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს დაჯილდoების ცერემონიას. 2024 წლის ღონისძიების თემა იყო „ფულის მოძრაობა.“
მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისა და დიდი ქალაქების წარმომადგენლები შეიკრიბნენ პარიზში, რათა ეკოლოგიურ პლატფორმაზე გადასვლის საკითხი განეხილათ და თან პატივისცემა დაედასტურებინათ მათთვის, ვინც უფრო მწვანე მომავლისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურდა. თითქმის 25 ათასი საჯარო და კერძო კომპანიის წარმომადგენელი მთელი მსოფლიოდან აწვდის ყოველ წელს თავის გარემოსდაცვით მაჩვენებლებს CDP-ის პლატფორმას.
CDP-ი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კლიმატთან დაკავშირებული მონაცემების დეფიციტის აღმოფხვრას ემსახურება და ყოველ წელს ყველაზე გამჭვირვალე კომპანიებს ასახელებს.
“სანამ CDP დაარსდებოდა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, მაგრამ არაფერი კეთდებოდა,“ – ამბობს ვინსენტ უორნერი, კომპანია Beiersdorf -ის ხელმძღვანელი. „ახლა ეს ორგანიზაცია გაიძულებს, რომ გააკეთო ის, რასაც ამბობ, რადგან არსებობს გამჭვირვალობის კრიტერიუმები, რომლებიც ძალიან მომთხოვნია. ჩვენ ერთმანეთს ვადარებთ კონკურენტებს და გვინდა, რომ მივაღწიოთ ყველაზე მაღალ სტანდარტს“.
გარემოსდაცვითი პოლიტიკის გატარების მხრივ დაწინაურებულ ქალაქებსაც ასახელებენ და არავის გაჰკვირვებია, რომ 2023 წლის ქალაქად კოპენჰაგენი დასახელდა. დანიის დედაქალაქი უკვე ძალიან ახლოს დგას ნახშირბადნეიტრალობასთან, თუმცა ქალაქის მერს სურს, რომ კვლავ გააგრძელოს ისეთი ზომების გატარება, რომლებიც ქალაქის მოსახლეობის მიერ მავნე გამონაბოლქვის შემცირებას ემსახურება.
«2025 წელს კლიმატნეიტრალობის თვალსაზრისით ჩვენ მიერ დასახული მიზნის 84 პროცენტით შესრულებას შევძლებთ,“ – განმარტავს კოპენჰაგენის მერი სოფი ჰესტორპ ანდერსენი. „მაგრამ შემდეგში კოპენჰაგენის მიერ გარემოზე ნახშირორჟანგის დატოვებულ კვალზეც გვინდა ვიფიქროთ: მაინც როგორ არჩევანს ვაკეთებთ ტანსაცმლის ყიდვის დროს? როგორ ვიქცევით? რა საკვებს ვიღებთ? ვიქცევით ისე, როგორც ეს კოპენჰაგენს ეკადრება? დავდივართ ველოსიპედით ან მეტროთი? გვინდა, საკუთარ მოქალაქეებთან, ორგანიზაციებთან და ბიზნესთან პარტნიორობა იყოს ჩვენი საყრდენი“.
ღონისძიების წლევანდელი სადისკუსიო თემა „ფულის მოძრაობა“ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ორგანიზაცია CDP-ის მიხედვით, ჩვენი ეკონომიკები არ აკეთებენ საკმარისს იმისთვის, რომ კლიმატის მიმართ ყველაზე მეგობრული ინვესტიციები წაახალისონ. დაფასოების სექტორის ლიდერ კომპანია MMGroup, რომელმაც სულ რამდენიმე წელიწადში შეძლო CDP-ის ყველაზე დაბალი სტანდარტიდან ყველაზე მაღალზე ასვლა, კარგად იციან, რა რთული ვითარებაა ამ მხრივ.
პიტერ ოსვალდი, კომპანია Mayr-Melnhof Karton -ის ხელმძღვანელი:
„ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ მეცნიერების მიერ დასახული მიზნებისკენ სვლას, ვგულისხმობ დათბობის 1,5 გრადუსზე შეჩერებას და ამის გამო ჩვენ მიერ გამონაბოლქვი ნახშირორჟანგის მოცულობის 2031 წლამდე 50 პროცენტით შემცირებას. და ჩვენც სწორედ ამ გზაზე ვდგავართ. მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვერ ვგრძნობთ რეალურ მხარდაჭერას დაფინანსებისა და სუბსიდიების კუთხით. ეს დახმარება ძალიან მცირეა და სხვაობას არ იძლევა. ამიტომ ზოგჯერ ძალიან რთულია, რომ ზოგიერთი ჩვენი ინვესტიცია ეკონომიკურად გამართლებული იყოს“.
მართლაც, ყველაზე ეკომეგრობრული ინვესტიციები ხშირად კერძო სექტორისთვის ნაკლებად მომგებიანია. CDP-ის ანგარიშგების სისტემა საფინანსო ინსტიტუტებსაც აწოდებს იმ მონაცემებს, რომლებიც მათ ეკომეგობრულ ინვესტიციებში თანხების ჩასადებად სჭირდებათ.
«ჩვენ ვიცით, რომ გარდამავალ ეტაპზე ვართ და რომ კლიმატის ცვლილებას თან გარკვეული ფიზიკური რისკები ახლავს,“ – ამბობს ემანუელ ასუანი, Banque de France -ის ფინანსური სტაბილურობისა და ოპერაციების გენერალური დირექტორი. „ეს ორივე ფაქტორი კი უარყოფითად აისახება როგორც ფინანსურ, ისე ფასების სტაბილურობაზე. ამიტომ ვცდილობთ სწორი პირობების შექმნას, რათა გარდამავალი ეტაპი დავაფინანსოთ და რისკები შევაფასოთ, რათა წინსწრებით ვიმოქმედოთ და არა მას შემდეგ, როცა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით, მაშინ უკვე ძალიან გვიანი იქნება“.
გათვლები აჩვენებს, რომ მომავალი 30 წლის განმავლობაში ყოველ წელს 4 ტრილიონი დოლარის ინვესტიციაა საჭირო, ე.წ. ნულოვანი ემისიის დათქმები რომ შესრულდეს. თუმცა ორგანიზაცია CDP-ში ამბობენ, რომ კომპანიების უმეტესობის მიერ გაწეული ძალისხმევა საერთო ჯამში საკმარისი არ არის. ეს კი ნაწილობრივ მაღალი ხარისხის მონაცემების უქონლობის ბრალია.
„როდესაც ფიქრობ ფულის მოძრაობაზე, როგორც წლევანდელი სადისკუსიო თემა გვთავაზობს, ითვალისწინებ ფინანსურ მომსახურებას, კაპიტალთან წვდომას,“ – განმარტავს შერი მადერა, CDP-ის ხელმძღვანელი. „ჩვენ ვხედავთ, რომ ინვესტორები სულ უფრო მეტ მონაცემს ითხოვენ იმისთვის, რომ რისკთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ფულის ნაკადების ტრადიციულ მოძრაობას კაპიტალის ბაზრებისა თუ ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით, შესყიდვების დროს მყიდველები იმაზეც ფიქრობენ, თუ როგორ მართონ საკუთარი მიწოდების ჯაჭვი. ემისიების შემცირების წახალისება თუ გინდა, ეს უზარმაზარი თანხების მოძრაობასთან არის დაკავშირებული“.
CDP-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მაღალი გამონაბოლქვის მქონე საკვანძო სექტორებში მოქმედი კორპორაციების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ კაპიტალზე წვდომა არის მთავარი პრობლემა დეკარბონიზაციასთან დაკავშირებით. ყოველ წელს სულ უფრო მეტი კომპანია აწვდის CDP-ის ანგარიშს საკუთარ მონაცემებზე, რათა უკეთ შევძლოთ გარემოზე ჩვენი გავლენის შედეგის გაზომვა და ამის შესაბამისად მოქმედება.
ავტორი: სირილ ფურნერისი