Fall Guy

ლონდონში ემილი ბლანტისა და რაიან გოსლინგის ახალი ფილმის Fall Guy-ის პრემიერა გაიმართა.

დევიდ ლიტჩის მიერ გადაღებული სათავგადასავლო კომედია კინორეჟისორისა და კასკადიორის შესახებ მოგვითხრობს. მათ პრემიერაზე სხვადასხვა სახის ილეთი შეასრულეს. წითელ ხალიჩაზე მოტოციკლებმა ჩაიარეს, ხოლო ერთ-ერთმა დუბლიორმა მინის ბარიერი გამოანგრია.

ფილმში ემილი ბლანტი ასახიერებს კინორეჟისორ ჯოდი მორენოს, რომელიც სათავგადასავლო ფილმს იღებს. რაიან გოსლინგის პერსონაჟი კოლტ სივერსი კი ფილმის მთავარი კასკადიორი და კინორეჟისორის ყოფილი შეყვარებულია.

„ფილმზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან აქ ჩემი პერსონაჟის, ჯოდის გიჟური, ექსტრავაგანტური, სამეცნიერო ფანტასტიკის ხედვაა წარმოჩენილი. ფილმს თან ახლავს ქაოსიც. ჩვენთვის, ვისთვისაც  ფილმის გადაღება უცხო არაა,  ჩვეულებრივია,  როდესაც ვხედავთ, თუ როგორ სვამენ ჩაის უცხოპლანეტელების ფორმაში გამოწყობილები. ისიც მესმის, რომ ამ ყველაფრის ნახვა ძალიან სასაცილოცაა. უამრავი ფილმი არსებობს, სადაც ჰოლივუდის მიმართ ცინიზმი იგრძნობა.  ჩვენთვის კი მნიშვნელოვანი იყო, ისეთი ფილმი გადაგვეღო, რომელსაც მსგავსი შინაარსი არ ექნებოდა”, – ამბობს ემილი ბლანტი.

ემილი ბლანტი და რაიან გოსლინგი, რომლებიც გასული წლის მთავარ ორ ფილმში „ბარბისა“ და „ოპენჰაიმერში“ მონაწილეობდნენ, ახლა კინოეკრანებზე ერთად წარდგებიან.

„ემილი ბლანტი საუკეთესოა. ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მათ შორის ყველა ილეთის. ის მხიარული და ამავე დროს, საოცრად დრამატული მსახიობიცაა. მას სიმღერაც შეუძლია. ის უბრალოდ საუკეთესოა. ამ ფილმის გადაღებისას, 5 დუბლიორი მყავდა. კოლ სივერსის პერსონაჟის შესაქმნელად 5 კასკადიორი იყო საჭირო. მე კასკადიორის როლი უკვე სამ სხვადასხვა ფილმში შევასრულე. თუმცა თავად კასკადიორობას ვერ შევძლებდი. ისინი თითქოს სხვა ჯიშის არიან. ისინი ნამდვილი გმირები არიან. ეკრანზე ყველა საგმირო საქმეს სწორედ ისინი აკეთებენ, დარტყმას საკუთარ თავზე იღებენ. სამწუხაროდ, ხშირად დუბლიორები არ არიან საკმარისად აღიარებული. ამიტომ ძალიან მაგარია, რომ ფილმში აქცენტი სწორედ მათზეა გადატანილი“, – ამბობს რაიან გოსლინგი.

დევიდ ლიტჩის ახალი ფილმი კინოეკრანებზე 2 მაისს გამოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend