ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას ასევე აცნობა, რომ 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი კიევს სენატის მიერ მისი დამტკიცებისთანავე გაეგზავნება.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სწრაფად უნდა მოჰყვეს შეიარაღება ფრონტის ხაზებზე, რაც მისი თქმით, ვითარებას შეცვლის.https://t.co/EvLUcflF5v
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) April 22, 2024
ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში, რომელიც წარმომადგენელთა პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი დღის შემდეგ გაიმართა, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს პაკეტი უკრაინას ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება.
ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრები, რომლებიც შეხვედრას მართავენ ლუქსემბურგში, თანხმდებიან, რომ უკრაინას უკეთესი საჰაერო თავდაცვის სისტემები ესაჭიროება, თუმცა მათ „პატრიოტის“ სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათ ურჩევნიათ, ძირითადი აქცენტი უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ თანხაზე გადაიტანონ.
ჯერჯერობით უკრაინას მხოლოდ გერმანიამ გადასცა „პატრიოტის“ ერთი სარაკეტო სისტემა, რომელიც ქვეყანას ასე სჭირდება რუსული ავიაიერიშებისგან თავის დასაცავად.