მთავარიმსოფლიო"დაკავშირებულია ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან" - აშშ-ში TIKTOK-ის აკრძალვა სურთ

“დაკავშირებულია ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან” – აშშ-ში TIKTOK-ის აკრძალვა სურთ

ამერიკელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ Tiktok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. პოლიტიკოსები თვლიან, რომ კომპანია მჭიდროდაა დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. ჩინურმა კანონმდებლობამ აპლიკაციის მომხმარებელთა პირად მონაცემებზე წვდომა პეკინს შესაძლოა ნებისმიერ დროს მისცეს. ამ მიზეზით, კონგრესი კომპანიას აპლიკაციის „სანდო“ მფლობელზე მიყიდვას, ან ამერიკის შეერთებული შტატების დატოვებას სთავაზობს.

Tiktok-ის აკრძალვის მცდელობები ტრამპის პრეზიდენტობისას დაიწყო. მან აპლიკაციის აკრძალვა ჯერ კიდევ 2020 წელს სცადა. Tiktok-ის წინააღმდეგ ბრძოლა ბაიდენის ადმინისტრაციამაც განაგრძო, რაც მთავრობის, ფედერალური მუშაკებისა და სააგენტოებისთვის აპლიკაციის აკრძალვით დასრულდა.

ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც Tiktok-ში ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ხედავს. ავსტრალია ბოლოა იმ სახელმწიფოებს შორის, რომელმაც ფედერალური მთავრობის მოწყობილობებზე Tiktok-ის აპლიკაცია აკრძალა. შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიასთან ერთად მსგავსი ნაბიჯები კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ახალმა ზელანდიამაც გადადგეს.

Tiktok-ის მფლობელი კომპანია ამტკიცებს, რომ ის დამოუკიდებლად მოქმედებს და მომხმარებელთა მონაცემებს ჩინეთის მთავრობას არ უზიარებს. მიუხედავად ამისა, ბევრი ქვეყანა თვლის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა მომხმარებელთა პირად მონაცემებს არამიზნობრივად იყენებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი მესამე ადამიანი Tiktok-ის მომხმარებელია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ აპლიკაციის გაუქმების მცდელობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა. კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით Tiktok-ის აკრძალვას ითვალისწინებს, შესაძლოა, მომდევნო კვირაში დამტკიცდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend