მთავარიევროპაუკრაინამალე ახალი შეიარაღება უკრაინის ფრონტამდე მიაღწევს

მალე ახალი შეიარაღება უკრაინის ფრონტამდე მიაღწევს

წარმომადგენელთა პალატაში 311 ხმით 112-ის წინააღმდეგ უკრაინისთვის დამატებითი 61 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი დამტკიცდა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება სენატშია გადაგზავნილი და მას სამშაბათს მიიღებენ. სულ უფრო მცირე დრო რჩება სასიცოცხლოდ აუცილებელი შეიარაღების აშშ-იდან უკრაინის ფრონტზე მისაღწევად.

როგორც ირკვევა, უკრაინა უკვე ელოდება ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა: F16 ტიპის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და ასე შემდეგ… ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში ისაუბრა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მადლობა გადაუხადა გადაწყვეტილებისთვის.

„ახლა ჩვენ გვაქვს ყველანაირი შანსი, გამოვიჩინოთ ინიციატივა და ვითარების სტაბილურობას მივაღწიოთ. ამიტომ საჭიროა, გვქონდეს იარაღის სისტემები. როცა მივიღებთ იარაღს და უკვე ხელთ გვექნება, სწორედ მაშინ გვექნება შანსი, წინ წავიწიოთ, დავიცვათ უკრაინა. ომის მიმდინარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე მივიღებთ ამ დახმარებას. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მე ველაპარაკე ჯარისკაცებს. ისინი ამბობენ, რომ ტექნიკა აკლიათ. ისინი უნდა შეებრძოლონ რუსულ დრონებს, რომლებიც ერთგვარად მართვადი არტილერიაა. ჩვენ გვჭირდება საარტილერიო ჭურვები. იმედია, დროულად მოვა იარაღი და მოვიგერიებთ მტერს. შემდეგ რუსეთის ფედერაციის გეგმების განხორციელებასაც ხელს შევუშლით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში შეძლებს. ამის შესახებ კი აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. დახმარების პაკეტის დამტკიცების აუცილებლობაზე საუბრობდა წარმომადგენელთა პალატის როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის გამო მაინც დიდი დრო დასჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღებას.

“რუსეთი, ირანი და ჩინეთი, ჩვენი ძირითადი მოწინააღმდეგეები, ერთად მოქმედებენ. ისინი აგრესორები არიან მთელი მსოფლიოსთვის. ეს ქვეყნები გლობალურ საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის. ისინი საფრთხეს უქმნიან თავისუფალ სამყაროს და მათთვის პასუხის გაცემა აშშ-მა უნდა ითავოს. თუკი ჩვენ ზურგს შევაქცევთ ამ გამოწვევებს, შედეგები შეიძლება იყოს დამანგრეველი“, – ეს სიტყვები წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს ეკუთვნის.

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის მარკ უორნერის თქმით, უკრაინამ, შესაძლოა, შეერთებული შტატებისგან იარაღის ახალი პარტია კვირის ბოლომდე მიიღოს. ეს კი შორი მოქმედების სარაკეტო სისტემებს, ATACMS-ებსაც, გულისხმობს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახალი საბრძოლო მასალის ფრონტზე გამოჩენა მნიშვნელოვნად გაააქტიურებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. კიევ-მოჰილის აკადემიის პროფესორი ოლექსი ჰარანი საუბრობს, რომ უკრაინის არმიას სჭირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიარაღება, რომლის გარეშეც წარმატება ძნელად მისაღწევია. პროფესორი ასევე დასძენს, რომ ტყვია-წამლის სიმცირე რაც უკრაინის არმიაშია, რუსებმა ახალი შეტევის დასაწყებად გამოიყენეს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის საკითხთან ერთად ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების მხარდაჭერის პაკეტიც დაამტკიცა. როგორც სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა აღნიშნა, ეს არის გზავნილი პუტინისთვის, რომ შამპანურის გახსნა ჯერ ადრეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend