მთავარისაქართველოვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

19 აპრილის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ თბილისში მიმდინარე აქციების დროს სამართალდამცავები თანაბრად იცავდნენ დეპუტატების და აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას.

თუმცა მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მშვიდობიანი პროტესტი გადაზრდილიყო ძალადობრივ ქმედებად. მის ამ განცხადებას ხმაური მოჰყვა პარლამენტში, რის გამოც პარტია ,,ლელოს” წევრს, სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს დარბაზი.

ვახტანგ გომელაურის თქმით, აქციაზე მყოფები იწვევდნენ სამართალდამცავებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ. მან განაცხადა, რომ პოლიციაზე თავდასხმა მიუღებელია, რადგან ეს არის სახელმწიფოზე თავდასხმის ტოლფასი.

პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც გადადგა სახელმწიფომ ქალთა და ოჯახური ძალადობის შესამცირებლად.

მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სტატისტიკა გაუმჯობესებულია, გადამზადდა პოლიციის ათასობით თანამშრომელი და მეტ მსხვერპლს ეძლევა ძალადობის პრევენციის მექანიზმების გამოყენების საშუალება.

თუმცა ეს ყველაფერი დამაჯერებელი არ ყოფილა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, რომლებმაც ხაზი გაუსვეს სახელმწიფოს უმოქმედობას ქალთა მიმართ ძალადობის რიგ შემთხვევებში.

მათ ასევე თქვეს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობა საქართველოში პირდაპირ კავშირშია იმ ძალადობასთან, რაც სამართალდამცავების მხრიდან ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე იხილეს. მათ თქვეს, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სწორედ ძალადობის მსხვერპლი ქალები იქნებიან იმ უამრავ ადამიანს შორის, რომლებიც დაზიანდებიან და ვეღარ მიიღებენ სათანადო მხარდაჭერას იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც წლების განმავლობაში იცავდნენ მათ ინტერესებს.

შინაგან საქმეთა მინისტრს დეპუტატებმა ასევე კითხეს ეთანხმება თუ არა ე.წ. “რუსულ კანონს”, მან თქვა რომ იგი მმართველი გუნდის წევრია და, რა თქმა უნდა, წარდგენილ კანონპროექტს მხარს უჭერს.

ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიტსაბჭოს წევრი ცალსახად ეთანხმება კანონპროექტის შინაარსს და ყველა ვალდებულია შეავსოს დეკლარაციები და ცნობილი გახადოს თუ რაში ხარჯავს ფულს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend