მთავარიმსოფლიოსახიფათო ესკალაცია - ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი მწვავდება

სახიფათო ესკალაცია – ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი მწვავდება

ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მეთაურის განცხადებით, სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისტორიული დედაქალაქის, ისპაჰანის თავზე გაშვებულ რამდენიმე სამხედრო დრონს გაუხსნა ცეცხლი.

ისპაჰანთან ახლოს განთავსებულია დიდი სამხედრო საჰაერო ბაზა, ამ ბაზაზე კი ჯერ კიდევ ისლამურ რევოლუციამდე, თეირანის მიერ ვაშინგტონისგან შეძენილი სამხედრო საჰაერო ხომალდებია დისლოცირებული.

ისპაჰანთან ახლოს მდებარეობს სახელმწიფოს ბირთვული პროგრამის ინფრასტრუქტურის ნაწილიც.

ისრაელში ირანზე თავდასხმას არ ადასტურებენ, მაგრამ ისრაელმა იმავე პერიოდში იერიში მიიტანა სამხრეთ სირიაში მდებარე საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთ სისტემაზე.

„ისპაჰანში აფეთქების ხმა არ ისმოდა, ეს გახლდათ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელმაც საეჭვო ობიექტი გაანადგურა. შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა, ჩვენი ხმელეთი, ცა და წყალი საიმედოდაა დაცული“, – განაცხადა გენერალმა სიავაშ მიჰანდოსტიმ, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა.

განცხადება გაავრცელა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა:

“ ჩვენს მიერ მიტანილი იერიში ისრაელზე ჩვენი სიმტკიცისა და სიძლიერის ნიშანია. ეს აუცილებელი, საჭირო და გამაერთიანებელი ნაბიჯი იყო. ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით“ – იბრაჰიმ რაისი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ატომური სააგენტოს მეთაური კი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მდებარე არცერთი ატომური ელექტროსადგური დაზიანებულა.

“საბედნიეროდ, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არცერთი ატომური სადგური დაზიანებული არ არის. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ბევრი ატომური სადგურია და ისპაჰანის სიახლოვეს განსაკუთრებით. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ არსებული რისკებით და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა საერთაშორისო ატომური სააგენტოს მეთაურმა რაფაელ გროსმა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საუბრობენ სამხედრო ანალიტიკოსები.

“ირანის სტრატეგია გულისხმობს, სატელიტი აქტორებით საგარეო პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მიღწევას. როდესაც ისრაელმა ირანის კუთვნილ საკონსულოზე მიიტანა იერიში, ეს ახალი ხილი გახლდათ და თეირანს მოუწია ახალი გზით პასუხის გაცემა. რეგიონში მთავარი შემაკავებული ძალა ამერიკის შეერთებული შტატებია, ვაშინგტონის შიშით ვერავინ გაბედავს რეგიონული ომის წამოწყებას“, – მიიჩნევს ლიბანის შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი ელიას ჰანა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებ  დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები გამოეხმაურნენ:

“მოწმენი გავხდით, ირანის მიერ აქამდე არნახული მასშტაბის იერიშისა ისრაელზე. 300 ზე მეტი სამხედრო დრონი და რაკეტა იქნა გაშვებული ისრაელის მიმართულებით. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ისრაელის უსაფრთხოებაზე“, –  ენტონი ბლინკენი, აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით ისრაელმა ვაშინგტონი ბოლო წუთს გააფრთხილა.

„მე მაქვს ინფორმაცია რომ ისრაელმა ვაშინგტონი ბოლო წამს გააფრთხილა ირანზე დაგეგმილი იერიშის თაობაზე. არავინ დაშავებულა და დაღუპულა, ისპაჰანში მცხოვრები იტალიელებიდან არავინ დაშავებულა, ირანის საჰაერო სივრცე კი გაიხსნა, ცხოვრება გაგრძელდება და მშვიდობის შენარჩუნება უზენაესი მიზანია.“ ანტონიო ტაიანი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი.“

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ – მინისტრი კი ირანის მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს.

“ჩვენ დავგმეთ ირანის მიერ გაუმართლებელი და ყველასათვის რისკის შემცველი იერიში ისრაელზე, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. მე ველაპარაკე ისრაელის თავდაცვის მინისტრს და კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას.“ – რიში სუნაკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ – მინისტრი.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერიც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობს.

“ ჩვენ ვიხილეთ სამხედრო მოქმედებების კიდევ ერთი ტალღა. საერთო პრინციპი უნდა გვქონდეს, ეს პრინციპი კი ესკალაციისა და რეგიონული ომის თავიდან არიდების მიზნით მასშტაბურ დიპლომატიურ ძალისხმევას გულისხმობს.“ – ოლაფ შოლცი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი.

კრემლში კი მიაჩნიათ, რომ დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა

“ჯერჯერობით ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს განცხადება არ გაუკეთებიათ, ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება, ბევრი დეტალი უცნობია. რაც არ უნდა მომხდარიყო, ესკალაცია მიუღებელია“, – დმიტრი პესკოვი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქთა ქუჩებში დემონსტრაციები იმართება, მონაწილე მოქალაქეები სკანდირებენ – სიკვდილი ისრაელს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend