სერბეთი ზეწოლის ქვეშაა მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კოსოვო წევრად მიიღო. ბელგრადმა განაცხადა, რომ კოსოვოს საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს დაიწყებს.
სერბეთის თავდაცვის მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ამბობს, რომ მათი ქვეყანა არ არის სავარჯიშო მოედანი და ვერავინ დაამცირებს მათ. იმ სირცხვილს კი, რომელსაც ისინი გაეროსა და ევროპის საბჭოში სჩადიან, ვერასდროს ჩამოირეცხავენ.
უკვე ორი წელია, რაც რეგიონში პოლიტიკური დაძაბულობაა.
უკრაინაში მიმდინარე ომმა კი კიდევ უფრო გაამძაფრა უნდობლობა ბალკანეთში, რის გამოც რეგიონი იარაღის მომარაგებაზეა გადასული.
მიმდინარე კვირას კოსოვოს პრემიერმა ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ კოსოვოს უსაფრთხოების ძალებს გააძლიერებს. მისი თქმით, ევროპაში ომისა და ჩრდილოელი მეზობლისგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების ზრდის გამო მათ სამხედრო ბიუჯეტის გაორმაგება და შეიარაღების გასამმაგება გადაწყვიტეს.
გაეროს წესების მიხედვით, ქვეყნის უსაფრთხოებას ადგილზე მყოფი კოსოვოსა და ნატოს სამხედრო ძალები უზრუნველყოფენ.
აშშ, გერმანია, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი დადებითად აფასებენ კოსოვოს გადაიარაღების პროცესს.
ნატოში აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე რიკ ჰოლცეპლი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ძალებთან ურთიერთობა მთელ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა ამ ურთიერთობის განვითარება. იგი დასძენს, რომ „ჯაველინი“ მათთვის არა შეტევითი, არამედ თავდაცვითი შეიარაღებაა.
კოსოვომ გასულ წელს თურქეთისგან „ბაირაქტარის“ დრონები, 2022 წელს კი დიდი ბრიტანეთისგან „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები შეიძინა. შეერთებული შტატები კოსოვოს დამატებით „ჯაველინის“ კიდევ 246 რაკეტასა და სათვალთვალო აღჭურვილობას მიაწვდის.