ახლო აღმოსავლეთში “ჰამასის” მიერ ისრაელზე მიტანილი ტერორისტული იერიშის შედეგად დაწყებული ომი გრძელდება.
“ჰამასსა” და ისრაელს შორის დაპირისპირებაში მალევე ჩაერთო ლიბანური “ჰეზბოლაც”, მაგრამ ჩრდილოეთში ბრძოლა სამხრეთთან შედარებით ბევრად მცირე მასშტაბისაა და ძირითადად ორმხრივი დაბომბვით შემოიფარგლება.
ახლო აღმოსავლეთში მყიფე მშვიდობისთვის დამღუპველი საფრთხე კი ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ისრაელს შორის დაპირისპირებაა.
მთელი მსოფლიო ელის ისრაელის ნაბიჯს ირანელი გენერლებისა და დიპლომატების ლიკვიდაციის საპასუხოდ თეირანის მიერ ისრაელზე მიტანილი მასიური იერიშის შემდეგ.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, თეირანს შესაბამის პასუხს გასცემენ. თეირანში კი ამბობენ, რომ ისრაელს არა რამდენიმე საათში, არამედ წამებში უპასუხებენ.
“სიონისტური რეჟიმის მიერ ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი იქნება პასუხგაცემული. ჩვენს მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია კი შეზღუდული მასშტაბის იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში სიონისტური რეჟიმისგან ბევრი არაფერი დარჩებოდა”, – ამბობს ებრაჰიმ რაისი, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი.
ახლო აღმოსავლეთიდან შორს, იტალიაში, კუნძულ კაპრიზე, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებია.
The dire situation in #Ukraine & the #MiddleEast on top of our @G7 agenda
We need faster, concrete commitments to support Ukraine militarily
We need to stop the escalation in the Middle East, get to a ceasefire in Gaza & the liberation of all hostages, increase humanitarian aid pic.twitter.com/6kDIcWtQqI
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) April 18, 2024
“ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია, ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზის სექტორში უმძიმესია, დახმარების მოცულობა მზარდია, მაგრამ არა საკმარისი. ისრაელმა მოზომილი პასუხი უნდა გასცეს თეირანის თავდასხმას. ესკალაცია დაუშვებელია“, – ამბობს ჟოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალჩინოსანთა უამრავი მოწოდების მიუხედავად ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ვითარება იძაბება.