მთავარისაქართველოსამოქალაქო სექტორი აქციის დროს დაკავებულთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს

სამოქალაქო სექტორი აქციის დროს დაკავებულთა უფლებების დარღვევაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს დემონსტრანტების კონსტიტუციური უფლების განხორციელებას, შეკრებისა და გამოხატვის შესახებ.

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ასევე თქვეს, რომ 16 აპრილს აქციაზე დაკავებული 13 პირიდან უმრავლესობას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადებისას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდეს, სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაული მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ.

“პოლიციამ დააკავა 13 მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ და საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდნენ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს იზოლატორებში, ვხვდებოდით მათ, ვესაუბრებოდით და აღვწერდით მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. დაკავებულთა უმრავლესობას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, ხოლო 3 მათგანი ჰოსპიტალშია. ისინი აცხადებდნენ, რომ მიუხედავად დაკავებისა თუ დაზიანებისა, განაგრძობენ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევა, უკანონო დაკავება და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული“, – განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

გუშინ, 16 აპრილს, სხეულზე დაზიანებები მიიღეს ჟურნალისტებმაც. მათ თქვეს, რომ აქციის გაშუქებისას სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend