მთავარისაქართველოომბუდსმენის განცხადება შეკრების თავისუფლების შეზღუდვისა და ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ

ომბუდსმენის განცხადება შეკრების თავისუფლების შეზღუდვისა და ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი 15 და 16 აპრილის ღამეს პარლამენტთან მომხდარ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმიანება. როგორც ომბუდსმენი წერს, 16 აპრილის საღამოს საათებში აქციის მიმდინარეობისას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცველების მხრიდან მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების შემთხვევაშიც ხდებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება.

ლევან იოსელიანის განცხადებით, ასევე გამოიკვეთა აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე დადევნების შემთხვევები, ტერიტორიის იძულებით დასატოვებლად. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცავების უფლებამოსილება გამოიყენონ პროპორციული ძალა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, არ უნდა იყოს გამოყენებული ბოროტად, აქციის მონაწილეთა დასჯისა თუ შეშინების მიზნით და არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

“აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გავრცელებულ რამდენიმე კადრში ჩანს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე აქტიური ძალადობა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს დროული და ეფექტიანი გამოძიება”, – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.

ომბუდსმენი საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებსაც გამოეხმაურა.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის შეკრების მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა. კიდევ უფრო მძიმეა დანაშაული, როდესაც ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება მათი საქმიანობიდან გამომდინარე. მსგავსი ფაქტები არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს, შეიცავს საშიშ გზავნილს, რომ მედიის წარმომადგენლები, მათი საქმიანობის გამო შესაძლოა, ანგარიშსწორებას დაექვემდებარონ და ამდენად, მსუსხავი ეფექტის მატარებელია მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე“, – წერს სახალხო დამცველი.

ლევან იოსელიანი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს დროული და მკაცრი რეაგირება ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტზე და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend