მთავარისაქართველო“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტში 17 აპრილს გაგრძელდება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტში 17 აპრილს გაგრძელდება

პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულებულია, თუმცა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა სრულად ვერ მოესწრო. ამიტომ, პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს, გაგრძელდება.

,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

მამუკა მდინარაძე პასუხობდა ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებსაც. სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კვლავ კანონპროექტის გაწვევას მოითხოვდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ყველა დასავლელი პარტნიორი აკრიტიკებს და მისი დამტკიცება შეუძლებელს გახდის ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

ოპოზიციონერების კრიტიკას არ იზიარებს საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური უფლება, ჰქონდეთ ინფორმაცია პოლიტიკურ პროცესში ჩართული ორგანიზაციების საქმიანობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ 16 აპრილის პლენარული სხდომა 21:00 საათამდე გაგრძელდებოდა. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ეს დრო კანონპროექტის განსახილველად საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, განხილვა 17 აპრილს გადაინაცვლებდა.

“ქართულმა ოცნებამ” კანონპროექტი 3 აპრილს დაარეგისტრირა. გასულ წელს “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული კანონისგან განსხვავებით ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

“ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ ითვალისწინებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.

კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ, ხოლო აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“.

საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით კი, “უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend