მთავარისაქართველოშსს საპროტესტო აქციის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

შსს საპროტესტო აქციის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე ჩატარებული საპროტესტო აქციის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, დემონსტრანტებს სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის ირგვლივ მსვლელობის საშუალება „წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით“ არ მისცეს. შსს-ის განცხადებით, უწყებაში გადაწყვიტეს, აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების შესაძლებლობა.

„წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციისა და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები. ამასთან, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ჰქონდათ საშუალება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოეხატათ საკუთარი პროტესტი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე წერია, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები. უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე. სამართალდამცველები უზრუნველყოფენ ადგილზე მართლწესრიგის დაცვას.

გუშინ, 15 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციისას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 14 დემონსტრანტი დააკავეს. უწყების ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend