მთავარისაქართველო,,უცხოური გავლენის” შესახებ კანონპროექტის განხილვა მწვავე კამათისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა

,,უცხოური გავლენის” შესახებ კანონპროექტის განხილვა მწვავე კამათისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა

15 აპრილს საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მწვავე კამათისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა, დეპუტატები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ.

კითხვა-პასუხის მიმდინარეობისას ,,ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. შედეგად, სხდომა დროებით შეწყდა.

გარდა ამისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს – სალომე სამადაშვილს, თინა ბოკუჩავასა და ხატია დეკანოიძეს სხდომათა დარბაზი დაუმორჩილებლობის გამო დაატოვებინა.

სხდომას დეპუტატების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა ბევრ მათგანს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს არც ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლები, მუდმივი აკრედიტაციის ქონის მიუხედავად.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წარადგინა. იგი პასუხობდა ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებსაც. როგორც ის ამბობს, კანონი თანაბრად ეხება როგორც დასავლელი პარტნიორი ქვეყნების, ისე რუსეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს. მისი თქმით, კანონის მიზანია მოსახლეობამ შეიტყოს, თუ რაში იხარჯება არასამთავრობო სექტორის ფინანსები.

სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კანონპროექტის გაწვევას მოითხოვდნენ. მათი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი არა აშშ-სა თუ რომელიმე ევროკავშირის ქვეყანაში, არამედ რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიურია, ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება და შეუძლებელს გახდის წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ქვეყნის კონსტიტუციური არჩევანია.

უმრავლესობის ლიდერისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მიეცათ. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ მამუკა მდინარაძესთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ორგანიზაციის ფინანსები სრულად გამჭვირვალეა.

კანონპროექტში “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ მხოლოდ ტერმინი “აგენტია” ჩანაცვლებული, ხოლო შინაარსით ერთი წლის წინ მასობრივი პროტესტების ფონზე უკან გაწვეული კანონპროექტის იდენტურია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend