საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გახსნა და სიტყვით მიმართა ქართველ და უცხოელ სტუმრებსა და გამოფენაში მონაწილე თანამედროვე ხელოვანებს.
„სიახლისა და შემოქმედების გაცვლა და გაერთიანება არის ის, რაც სიცოცხლეს გვაძლევს, რაც ამ ქვეყანასა და ქალაქს თავის დღევანდელ და ისტორიულ დანიშნულებას ანიჭებს. თბილისი კავკასიაში ყოველთვის იყო კულტურის დედაქალაქი და სწორედ ეს არის მისი მთავარი დანიშნულება. თბილისი და საქართველო მთელ კავკასიას აერთიანებდა. ალბათ, ეს როლი მომავლისთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენ მომავალშიც ვნახავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ამ მხრივ თბილისს. მე მინდა მივესალმო ყველა ჩვენს სტუმარს, ვინც აქ არის. ასევე მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ჩვენ არ დავიღლებით საქართველოსა და მის ევროპულ მომავალზე საუბრით. როდესაც ევროპა აქ არის, სწორედ ესაა საქართველოს ევროპული მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე ასევე იყვნენ ART NEWSPAPER-ის დამფუძნებელი ანა სამერს კოქსი და BOZAR-ის ყოფილი დირექტორი პოლ დე ჟარდინი. მათ ისაუბრეს ქართული ხელოვნების ისტორიასა და თანამედროვე ქართველი არტისტების შესაძლებლობებზე.
როგორც ანა სამერ კოქსმა განაცხადა: “რაც განასხვავებს ქართულ ხელოვნებას სხვებისგან არ არის ხარისხი, ეს ქართული გონებაა. თანამედროვე მხატვრებიდან თითოეულ ნამუშევარში კულტურულ ფონს აღმოაჩენთ. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ერთ ასაკოვან კაცს, რომლის დედაც აღმოუჩენელი კინოვარსკვლავი გახლდათ. მან ყველაფერი დაკარგა რევოლუციის დროს. მხატვრის ნახატები დედამისის ცხოვრების ნოსტალგიის შესახებ მოგვითხრობს. ეს ჩემთვის ნამდვილად შთამაგონებელი იყო. სწორედ ეს არის საინტერესო ქართულ ხელოვნებაში. საქართველო ევროპის აღმოსავლეთით მდებარეობს, სწორედ ამიტომ ხალხმა დასავლეთ ევროპაში ბევრი არაფერი იცის ქართული თანამედროვე ხელოვნების შესახებ. ქართულ კულტურასთან გაცნობის საუკეთესო გზა სწორედ ხელოვნებაა, რადგან ლიტერატურის ყველა ნამუშევრის წაკითხვა არ შეგვიძლია“.
„ქართული ხელოვნება ევროპულის ნაწილია და მას ევროპულ სივრცესთან ურთიერთკავშირი ყოველთვის ჰქონდა. დიდი ხანია ბელგიის ხელოვნების მთავარი ცენტრის ხელმძღვანელი ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობდით საქართველოს კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს. ახლა მთავარია ქართველი და დასავლეთ ევროპელი ხელოვანების კოლაბორაციაზე ვიფიქროთ. მათ პროექტებზე ერთად უნდა იმუშაონ. ციფრული სამყაროს დამსახურებით ახალგაზრდა არტისტები ერთმანეთს უკავშირდებიან და კარგადაც იციან, რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ, არის საერთო პროექტებში ჩართულობა“, – თქვა პოლ დე ჟარდინმა.
ღონისძიების პროგრამა დამთვალიერებელს სთავაზობს ქართველი და უცხოელი არტისტების გამოფენებს, მასტერკლასებსა და ზოგადად მრავალფეროვან პროგრამას. წელს გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ.