მთავარიაზიაისრაელი“დავითის შურდული” - ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობები

“დავითის შურდული” – ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობები

სამხედრო კონფლიქტების ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი კომპლექსური შეტევა – ასე შეფასდა ირანის მიერ დრონებითა და სხვადასხვა ტიპის სარაკეტო კომპლექსებით თავდასხმა  ისრაელზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი ჭურვი გაუშვა, მათ შორის 170 დრონი, 30 ფრთოსანი და 120 ბალისტიკური რაკეტა. მათი 99% შეკავებულია საჰაერო თავდაცვის მიერ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით,  ქვეყნის საჰაერო სივრცე ვერცერთმა დრონმა ვერ გადაკვეთა და როგორც საერთაშორისო მედია ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რაკეტების ნაწილი ისრაელის მოკავშირემ, იორდანიამ, ჩამოაგდო.  ოფიციალური ინფორმაციით, ირანული იერიშის მოგერიებაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატებიც.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ საკმაოდ ეფექტიანი თავდაცვითი საშუალებაა, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევებზე რეაგირების მიზნით გამოიყენება, თუმცა ამ შემთხვევაში ისრაელმა სხვა, უფრო ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა აამუშავა. ეს არის „დავითის შურდული“.

საჰაერო თავდაცვის სისტემა „დავითის შურდული“, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ჯადოსნური ჯოხი“, ის­რა­ე­ლის ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კონ­ცერნ Rafael-ის მიერაა შექმნილი. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის „რკინის გუმბათიც“. განსხვავებით „რკინის გუმბათისგან“, „დავითის შურდული“ უფრო შორ მანძილზე მოქმედი ანტისარაკეტო სისტემაა. იგი ისრაელის თავდაცვის ძალების შეიარაღებაში  2017 წლიდანაა მიღებული.

„დავითის შურდულიდან“ გაშვებული რაკეტების მოქმედების არეალი 250 კილომეტრს აღწევს და ერთი ერთეული სისტემის ღირებულება დაახლოებით 1 მილიონი ამერიკულ დოლარია.

ოფიციალური მონაცემებით, „დავითის შურდული“ პირველად 2018 წელს გამოცადეს, როდესაც ამ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებით ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიიდან გამოსროლილი ორი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.

მას შემდეგ შორი მოქმედების სარაკეტო საფრთხეების გასანეიტრალებლად ეს სისტემა აქტიურად გამოიყენება.

ირანული ბალისტიკური რაკეტების უმრავლესობა ისრაელის ტერიტორიის მიღმა სწორედ ამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით განადგურდა. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ფინეთს ისრაელისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა “დავითის შურდული” უნდა ეყიდა.  ამ მომენტისთვის ფინეთი უკვე ფლობს თავდაცვის  მსგავს საშუალებებს.

საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ისრაელის თავდაცვის ძალები დიდ ყურადღებას უთმობენ, რადგან რეგიონში მოქმედი სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფებისგან მომდინარე მთავარი საფრთხე სწორედ სარაკეტო იერიშები იყო. ამ შემთხვევაში კი ისრაელმა ირანის მასშტაბური შეტევა კომპლექსური სარაკეტო სისტემებით – „დავითის შურდულით“ მოიგერია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend