მთავარისაქართველოორი დღე “უცხოური გავლენის” შესახებ კანონპროექტის განხილვამდე

ორი დღე “უცხოური გავლენის” შესახებ კანონპროექტის განხილვამდე

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ოფიციალურ განხილვამდე ორი დღით ადრე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. მმართველი პარტიის წევრებისთვის გაუგებარი და მიუღებელია მათივე თქმით, უარგუმენტო კრიტიკა და შეფასებები, რაც ქვეყნის შიგნიდან თუ დასავლელი პარტნიორებისგან უხვად მოედინება. ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ ეს კანონი საქართველოს საფრთხეებისგან დასაცავად სჭირდება, თუმცა თავად კანონის პროექტში ასეთი საფრთხეები განზოგადებულია და არ აკონკრეტებს ცალკეულ ქვეყნებს.

“საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განსხვავება არაა, როდესაც ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, დემოკრატიის განმტკიცებაზე, ისეთივე საჭიროა საქართველოსთვის ეს პროცესი, როგორც ევროკავშირის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსთვის. გამჭვირვალობა როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ისე საქართველოში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია, ასევე საჭიროა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსხვავებულ ტალღაზე დაყენება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოსი აბსოლუტურად არარელევანტურია, როდესაც ვსაუბრობთ ერთსა და იმავე გამოწვევაზე, ერთსა და იმავე საკითხზე – ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებულობასა და გამჭვირვალობაზე, რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესში გადაწყვეტილების მიღებას”,- განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია, საზოგადოებაში შეიტანოს დაძაბულობა, ქვეყანა დააშოროს ევროატლანტიკურ გზას და გაიმყაროს ძალაუფლება ავტორიტარული კანონის მეშვეობით.

“თავიდან ბოლომდე მიზანი, მოტივი, ამოცანა, პუნქტი, მუხლი, ამ კანონში ყველაფერი რუსულია – ეს კანონი არის ინსტრუმენტი, რომ საბოლოოდ დაუპირისპირდნენ დასავლეთს. ამიტომ შემოაქვთ “რუსული კანონი” და ამოძრავებთ ამოცანა, რომ ამ ქვეყნის ევროპული გზა ჩაიხერგოს და მიაბან ეს ქვეყანა რუსეთს. საბოლოოდ ჩატეხონ ხიდი, რომელიც ჩვენი ხალხის შრომითაა გადებული და არ მოხდეს წლის ბოლოს მოლაპარაკების დაწყება, რაც სრულიად რეალისტური იქნებოდა, ახლა ხელისუფლება 9 ნაბიჯის გადადგმით რომ იყოს დაკავებული“, – განაცხადა “ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

პოლიტიკური შეფასებების პარალელურად გრძელდება სამოქალაქო სექტორის აქტიურობაც. 30-ამდე არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველ პარტიას ახსენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის არჩევანი ევროკავშირია და „ქართული ოცნების“ მიდგომა ამ მიზნისგან აცდენილია“.

„ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის ურყევი ნება და არჩევანია, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია განმტკიცებული. ეს მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, ყველა ზომა მიიღოს ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად.

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა“ გაავრცელა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სადავო კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას ორშაბათს, 15 აპრილიდან, დაიწყებს. როგორც ცნობილია, მმართველი პარტია ამ კანონის მიღებას 17 მაისს გეგმავს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend