მთავარიმსოფლიოგაქცევა ომიდან - სად უნდა წავიდნენ რუსი დეზერტირები?

გაქცევა ომიდან – სად უნდა წავიდნენ რუსი დეზერტირები?

2022 წლის სექტემბრის შემდეგ დეზერტირობის გამო რუსეთში ჯარისკაცების წინააღმდეგ 7300 საქმე აღიძრა. Associated Press ესაუბრა იმ რუს სამხედროებს, რომლებმაც უკრაინაში ბრძოლას თავი აარიდეს. ისინი ყაზახეთში არიან და თავშესაფარს დასავლეთს სთხოვენ. რუსი ჯარისკაცები ომს სხვადასხვა გზით, თუმცა ერთი მიზეზით გაექცნენ – არ შეეძლოთ მოეკლათ და მომკვდარიყვნენ ომში, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება.

„თუ ომის დატოვება მხოლოდ მკვდარს ან დაჭრილს შეგიძლია, არჩევანი მარტივია. სიკვდილი არავის სურს. ამ ჯოჯოხეთის დატოვება და სახლში წასვლა კი ყველას უნდა. ამიტომ, სათადარიგო გეგმით უნდა ვიმოქმედოთ“.

ევგენი Copyright AP Illustration/Marshall Ritzell

ევგენის სათადარიგო გეგმა ფეხში ტყვია იყო, თუმცა ეს ჭრილობა მას მოწინააღმდეგისგან არ მიუღია. მან მეგობარსა და თანამებრძოლს სთხოვა, ფრთხილად დაემიზნებინა და ძვალს მორიდებოდა. ეს იყო ის ფასი, რომელიც რუსმა ჯარისკაცმა ახალი ცხოვრებისთვის გადაიხადა. ათასობით რუსი ჯარისკაცის მსგავსად ისიც დეზერტირად იქცა. მსხვერპლი გაიღო, თუმცა შედეგი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდა. ახლა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ჯარისკაცებს, რომლებიც ომს ევგენის მსგავსად გამოექცნენ, 10 ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დასავლური ქვეყნები, რომელთაც რუსი ჯარისკაცები თავშესაფარს სთხოვენ, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან. არიან ეს სამხედროები ჯაშუშები, ომის დამნაშავეები, თუ გმირები? ეს მთავარი კითხვაა.

ფარჰად ზიგანშინი რუსი ოფიცერია. დეზერტირად 2022 წლის სექტემბერში იქცა და მას შემდეგ თავშესაფრის მოთხოვნაზე პასუხს ელოდება: „არ მინდოდა მემსახურა ჯარში, რომელიც ანადგურებს ქალაქებს, კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს და ითვისებს უცხო მიწასა და ტერიტორიას“.

რუსი ოფიცერი ფარჰად ზიგანშინი Copyright AP PHoto

სად უნდა წავიდნენ დეზერტირები?

გერმანიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სამხედრო სამსახურიდან გაქცეულ რუსებს შეუძლიათ უსაფრთხო თავშესაფარი და დაცვა მოითხოვონ, ხოლო საფრანგეთის სასამართლომ გასულ ზაფხულს დაადგინა, რომ რუსებს, რომლებიც ბრძოლაზე უარს ამბობენ, ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა შეუძლიათ. იურისტები და აქტივისტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ამისა, დეზერტირებისთვის, რომელთა უმრავლესობასაც აქვს პასპორტები, რომლებიც მხოლოდ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გადაადგილების საშუალებას იძლევა, თავშესაფრის მიღება ძნელია.

კიდევ ერთი დეზერტირი ზედმეტსახელად „ბეღურა“ ახლა ყაზახეთშია. ადამიანს ვერ მოკლავდა, ამიტომ ომში იძულებით გაწვევის შემდეგ ყაზარმიდან გაიქცა: „ვამჯობინებ, აქ ვიჯდე, დავიტანჯო და დაველოდო, როდის გამოჩნდება გზა, ვიდრე ომში მოვკლა ადამიანი. არ ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი“.

დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალების, „მედიაზონის“, ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთში ჯარისკაცების წინააღმდეგ 7300 საქმე აღიძრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend