საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
შეხვედრაზე სადაც “შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” 2025 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ, USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს სენატორმა ჯინ შაჰინმა ჰკითხა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე ე.წ. “უცხოეთის აგენტის” შესახებ კანონს, თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებს.
USAID-ის ხელმძღვანელმა კი უპასუხა, რომ “უცხოელი აგენტის” შესახებ კანონის ადგილი ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვის თავისუფლებაზეც.
“მე ძალიან შემაშფოთა გასულ კვირას ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა წარმოადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც გაამკაცრებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ის იმ კანონის მსგავსია, რაც რუსეთმა მიიღო. შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს ამერიკის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, თუ საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ?” , – აღნიშნა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
“ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტის კანონის ასლები მრავალ ადგილზე ჩნდება და მის შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ცდილობს რომ დადგეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო. ფუნდამენტურად, უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არა მხოლოდ აღიარებული, არამედ ასევე – დაცულიც”, – უპასუხა სენატორს USAID-ის ხელმძღვანელმა.