მთავარისაქართველოპოლიტიკური დავა უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტზე გრძელდება

პოლიტიკური დავა უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტზე გრძელდება

ქართულ პოლიტიკურ წრეებში გრძელდება იმ კანონპროექტის შესახებ დისკუსია, რომელიც მმართველმა პარტიამ ერთხელ უკვე ჩააგდო და დაპირების მიუხედავად პარლამენტში ხელმეორედ დააბრუნა. ე.წ. „მეტი გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციები და საზოგადოების ნაწილი  “რუსულ კანონს“ უწოდებს, პოლიტიკურ ველზე ახლა მთავარი განსახილველი თემაა. მმართველი პარტია ირწმუნება, რომ ამ კანონის მიღების მიზანი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიაკომპანიებისა და არასამთავრობო სექტორის მეტი გამჭვირვალობაა. „ქართული ოცნების“ ლიდერები დეზინფორმატორებს, მატყუარასა და მსხვერპლს უწოდებენ იმ პირებს, ვინც ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიზანი, ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევაა.

„წარმოიდგინეთ, რა დღეში ამყოფებენ თავის მომხრეებს და ვინც ამ კამპანიაშია ჩართული, მეტიც, უფრო თამამად ვიტყვი, ან არის თანამონაწილე შავი ფულისთვის, დეზინფორმაციისთვის, ქვეყნის აყირავებისთვის, ლგბტ პროპაგანდისთვის ბრძოლის, ან არის მსხვერპლი, სხვა ახსნა ამ კამპანიაში თანამონაწილეობას არ აქვს, გადაჭარბების გარეშე გეუბნებით. თუკი ვინმე ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც არის ანალოგი რუსულის და სხვაგან, ევროპულში, ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს პროექტი უკან. ოღონდ, ისეთი მსგავსება, რაც აქვს ქართულს და რუსულს. რაც გნებავთ, ის ვქნათ, ამოვიღოთ, გავიწვიოთ, ერთი საერთო პუნქტი ქართულსა და რუსულში რომ იყოს და სხვაგან არ იყოს მსგავსი. თუ ვიტყვით დეკლარაციის შევსება, ეს საერთო ნიშანია მსგავსი კანონმდებლობის ყველგან, ამერიკულში, ავსტრალიურში, კანადურში, უკრაინულში, ევროპულში, ფრანგულში და ა.შ. ერთი საერთო პუნქტი დამისახელეთ ან ახლა, ან კი ბატონო, მთელი კვირა გაქვთ, თვეზე მეტი იქნება ამ კანონპროექტის განხილვა. ვინც კი ჩაერთვება ამ კამპანიაში, ყველას მივმართავ, ერთი პუნქტი დაგვისახელონ, რა არის რუსული და რა მოთხოვნაც გნებავთ, იმას დავაკმაყოფილებთ. ამით იმის ლუსტრაცია მინდა, წაუკითხავ კანონს როგორ აპროტესტებინებენ ხალხს, რა დღეში, რა დარტყმისა და რა ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ ადამიანებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვთ, მაგრამ მაინც თავისას მიერეკებიან პიარულად“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები კი კანონპროექტის ირგვლივ საუბრისას ამბობენ, რომ ამ კანონის მიღების საჭიროება ჩვენს ქვეყანაში არ დგას. მმართველ პარტიას კი სამოქალაქო საზოგადოების შესუსტების გზით ანტიდასავლური მიზნები აქვს.

„ორი პრინციპულად მნიშვნელოვანი არგუმენტი, პირველი – ეს კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირი და ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში ყოფნა. მეორე – ამ კანონთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და ევროპელ კოლეგებს. არანაირი განსხვავებული პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით არ არსებობს. ცივილიზებულ სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი პარტია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პარტია და ხელისუფლება, რომელსაც მოსწონს ეს კანონპროექტი და კიდევ მოიძებნება მსოფლიოში, ეს არის ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება. სხვა ამ კანონთან დაკავშირებით მოკავშირე მომწონებელი არ არსებობს ბუნებაში, შესაბამისად, ეს არის რუსული კანონი და ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა 15 აპრილიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაიწყება. „ქართული ოცნება“ ამ კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, გეგმავს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend