სხვადასხვა იდეოლოგია პოლიტიკური წარსულის, აწმყოსა და მომავლის განუყოფელი ნაწილია. იდეოლოგია, რომელსაც პოლიტიკური რელიგიაც კი შეიძლება ვუწოდოთ, სხვადასხვა დროს ბევრი ადამიანი ემსხვერპლა. მაგალითად, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ომი, მეორე მსოფლიო ომი, იყო იდეოლოგიური მოტივებით წარმოებული, ფაშიზმისა და ნაციზმის დაპირისპირება კომუნიზმსა და კაპიტალიზმთან.
ცივი ომიც იდეოლოგიური დაპირისპირების კარგი მაგალითია და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა იმპერია დაინგრა, კრემლში არ გაუჭირდათ ახალი ნიღბის მორგება და ამჯერად, მოსკოვი ტრადიციული ღირებულებების დამცველ გეოპოლიტიკურ ძალად მოევლინა პლანეტას.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედ რიგ პოლიტიკურ პარტიებზე ეჭვობენ, რომ ისინი კრემლის მიერ ფინანსდებიან და შესაბამისად, ატარებენ მოსკოვისთვის საჭირო პოლიტიკას.
გერმანიაში მოქმედი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ პეტრ ბისტრონს ადანაშაულებენ, რომ ის ფულს კრემლის ერთ-ერთი ოლიგარქისგან იღებდა პრორუსული ნარატივის გავრცელების სანაცვლოდ. გერმანელი პოლიტიკოსი ამ ბრალდებას უარყოფს.
კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევა გახლავთ ავსტრიული პოლიტიკური პარტია „თავისუფლების პარტია“, რომლის წევრმა და ერთ დროს სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინი ქორწილში დაპატიჟა და 2023 წელს საერთოდ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.
მაყურებელს არაერთხელ სმენია ვიკტორ ორბანისა და ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე. უნგრეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის ლიდერიც უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ შეხვდა პუტინს, უნგრეთის მიერ წარმოებული პოლიტიკა კი ბრიუსელისას სცდება.
არსებობს კითხვები საფრანგეთში მარი ლე პენთან დაკავშირებით. მემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას ვლადიმერ პუტინთან მეგობრობა არ აკავშირებს, რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ ერთხელ შეხვდა 2017 წელს და მას ვლადიმერ პუტინთან ფინანსური კავშირი არ გააჩნია.
კრემლისა და დემოკრატიული დასავლეთის დაპირისპირება რამდენიმე განზომილების მატარებელია და იდეოლოგია და ფინანსები მხოლოდ ერთ-ერთია.