მთავარისაქართველომაშინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს ბედი წყდებოდა

მაშინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს ბედი წყდებოდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, შალვა ქვასროლიაშვილი, მარინა ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მზია ჯინჭარაძე, მანანა მელქაძე და გია ქარსელაძე.

ზუსტად 35 წლის წინ სწორედ ამჟამინდელი პარლამენტის შენობის წინ ქვეყნის ბედი წყდებოდა… ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი ქვეყანა ეროვნულ მოძრაობას მოეცვა…

მოვლენების კულმინაციამდე ვითარება სწრაფად იცვლებოდა.

1989 წლის 4 აპრილს დედაქალაქში მღელვარე მანიფესტაცია დაიწყო. მთავრობის სახლთან გამართული მიტინგით ხალხი თავდაპირველად აფხაზეთში დაწყებულ მოვლენებს გამოეხმაურა… პროტესტმა პერმანენტული ხასიათი მიიღო და 6 აპრილიდან აქციების მონაწილეებს მიზნად უკვე საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა ჰქონდათ დასახული.

აქციები მშვიდობიანი ხასიათის იყო. თბილისის ქუჩებს დღითიდღე ემატებოდა ხალხი საქართველოს ყველა კუთხიდან. სტუდენტ-ახალგაზრდობის გარდა აქ მრავლად იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა წარმოებისა და დაწესებულების თანამშრომლები, ცნობილი მეცნიერები, მწერლები, ხელოვანები…

მიტინგი 5 დღე-ღამე გაგრძელდა. ახალგაზრდების დიდმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა. რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტა…

მოძრაობა იმდენად მასშტაბური იყო, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ დამატებითი ძალების მობილიზება და აქციის დაშლა განიზრახა.

8-9 აპრილის ღამეს მთავრობის სახლის წინ 10 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი. საპროტესტო აქცია ტელევიზიის შენობასთანაც იმართებოდა. დემონსტრაციის დარბევის საფრთხე რეალური იყო, მაგრამ შიშს არავინ გრძნობდა.

ტრაგედიამდე მცირე ხნით ადრე მთავრობის სახლთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მივიდა…

თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 11 საათზე უნდა დაწყებულიყო. ამის შესახებ ცნობა მოსახლეობამ ღამის 10 საათსა და 15 წუთზე მიიღო. ქალაქის სამხედრო კომენდანტად საბჭოთა არმიის გენერალი იგორ როდიონოვი დაინიშნა… სწორედ ის იყო 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაციის ხელმძღვანელი.

გამთენიისას თბილისში საგანგებოდ შემოყვანილმა სადესანტო შენაერთებმა ალყაში მოაქციეს დემონსტრანტები. ოფიციალურად მათ მიტინგის დაშლა და მთავრობის სახლის წინა მოედნის გათავისუფლება ჰქონდათ დავალებული, რეალურად კი რუსმა სამხედროებმა ხალხი სასტიკად დაარბიეს და დახოცეს.

სასანგრე ნიჩბებისა და მოწამლული გაზის გამოყენებით რუსი სამხედროები ულმობლად გაუსწორდნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. დაიღუპა 21, დაიჭრა და მოიწამლა ათასობით ადამიანი, მიტინგის ორგანიზატორები კი დააპატიმრეს.

ამ ტრაგიკული მოვლენიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend