მთავარისაქართველოშშმ პირები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს კანონი “უცხოური გავლენის” შესახებ

შშმ პირები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს კანონი “უცხოური გავლენის” შესახებ

“ქართული ოცნების” მიერ ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონის დღის წესრიგში დაბრუნებამ კვლავ გაუჩინა უამრავი კითხვის ნიშანი მათ, ვინც მნიშვნელოვან დაფინანსებას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან… ამ დაფინანსებაზე არიან დამოკიდებულნი ის ორგანიზაციები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს იცავენ, ან მათ მნიშვნელოვან სერვისებს აწვდიან. ასეთი ორგანიზაცია ბევრია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და მათ დღეს “სამოქალაქო საზოგადოების ფონდში” ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მარი კორკოტაძე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის მშობელია. ის ამბობს, რომ საერთაშორისო დონორების დაფინანსებას დიდი წვლილი აქვს იმაში, რომ საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა.

„2012 წელს ჩემი შვილი ავტობუსიდან ჩამოაგდეს, რადგან ის მგზავრებისა და ავტობუსის მძღოლისთვის მიუღებელი იყო… იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებთ, აღარ იარსებებს საერთაშორისო დონორების მხრიდან შშმ პირებისთვის დაფინანსება. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შშმ პირებისთვის ინკლუზიური განათლება, მათთვის საჭირო სერვისები არსებობდეს, ასევე ხდებოდეს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება“, – ამბობს მარი კორკოტაძე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ თემისთვის მნიშვნელოვანია უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა. ამიტომ, აპირებენ სამოქალაქო სექტორთან ერთად გამოხატონ თემის პოზიცია.

„თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორები საქართველოს დატოვებენ და აღარ დააფინანსებენ სხვადასხვა სფეროს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება შშმ პირთა თემი. აქამდე თუ რამე გაკეთებულა ჩვენს სახელმწიფოში, შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ უცხოელი დონორების მხარდაჭერითა და დაფინანსებით მომხდარა“, – თქვა ანა სიხაშვილმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტმა.

„ერთობლივი განცხადების გარდა, რომელიც გამოვაქვეყნეთ, დავესწრებით საპროტესტო აქციებს, საკომიტეტო მოსმენებს, განხილვების განმავლობაში დავსვამთ კითხვებს“, – ამბობს ესმა გუმბერიძე, პლატფორმა “ახალი შესაძლებლობებისათვის” წარმომადგენელი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათმა წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ერთობლივი განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო 10 წლის წინ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას შეუერთდა, რისი შედეგებიც წერილის ხელმომწერთა აზრით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში დაიკარგება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend