მთავარისაქართველოშშმ პირები უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ

შშმ პირები უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათმა წარმომადგენლებმა, ასევე ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს. ისინი ფიქრობენ, რომ კანონის მიღების შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მდგომარეობა გაუარესდება.

„მეოთხე წელი დაიწყო, რაც ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტებს ვახორციელებთ საქართველოს 4 რეგიონში და პარალელურ გვქონდა მცირე გრანტი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ადგილობრივი ორგანიზაციის გავლით და ამ პროექტების ფარგლებში შეიქმნა საქართველოს 4 რეგიონში შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის სერვისები. ჩვენ კონკრეტულად აჭარაში ვიყავით პასუხისმგებლები, ქედასა და შუახევის მუნიციპალიტეტებში შეიქმნა შინმოვლის ასევე პერსონალური ასისტენტის სერვისი, რომელიც შშმ ბავშვებს პირებს, ხანდაზმულებს, რომლებსაც შინმოვლის პროგრამა სჭირდებოდათ, ოჯახებში უვლიდნენ მათ. ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების არქონის რისკის ქვეშ ვიქნებით ჩვენს პროექტებზეც, რომ არ ვისაუბროთ კონკრეტულად ნებისმიერ სოფელში, ქალაქში, უბანში, რაიმე მნიშვნელოვანი ობიექტი თუ გახსნილა, რაიმე ღონისძიება თუ ტარდება, ყველგან აღმოაჩენთ, როგორც ევროკავშირს, ისე USAID-ის ლოგოებს, მათ მხარდამჭერ ტექსტებს. ეს იმდენად შესამჩნევია, რომ ხანდახან არის ხოლმე განცდა, აბა, სახელმწიფო რას აკეთებს, ყველა ეს მნიშვნელოვანი პროექტი თუ ამ ორგანიზაციების მიერაა დაფინანსებული და განხორციელებული. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის წლებია სკოლებიდან დაწყებული უნივერსიტეტებით გაგრძელებული შშმ პირების საკითხებზე ვესაუბრებით ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მიმღებლობა გაიზარდოს და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. ეს ყველაფერი თუ გაჩერდება, გაჩერდება აუცილებლად ამ კანონის მიღების შემდეგ, ეტაპობრივად და ზუსტად ეს მიზანიც არის ვფიქრობთ და ამიტომაც ვეწინააღმდეგებით“, – ამბობს ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” წარმომადგენელი თომა კაკაბაძე.

განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო სექტორის არსებობა ძირითადად დამოკიდებულია სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებაზე, იმ გრანტებზე, რომლითაც ფინანსდება მოსახლეობის კეთილდღეობისთვის საჭირო პროექტები.

„ჩვენი საქმიანობის ერთადერთი დამფინანსებლები არიან უცხოური დონორები, მათ შორის ევროკავშირი და იმიტომ შევუერთდით ამ განცხადებას, რომ ფიზიკურად თუ არ იარსებებს ჩვენნაირი ორგანიზაციები, შშმ თემი დარჩება უამრავი სერვისის გარეშე, რადგან რაც კი რამე სერვისი არსებობს ქვეყანაში, საპილოტე დონეზე ყოველთვის დონორების ხარჯზე გადავიდა და ჩვენნაირი აქტივისტების ხარჯზე გადავიდა სხვადასხვა სერვისების დანერგვა. თუნდაც, პერსონალური ასისტენტი, რომელიც 2025 წლისთვის უნდა დაიწყოს და აუცილებელია შშმ პირთათვის. მანამდე ევროკავშირმა დააფინანსა საპილოტე პროგრამებიც ამ რეგიონში ასისტენტის მიმართულებით. თუნდაც, სოციალურ მოდელზე გადასვლის გარდამავალი პერიოდის საპილოტე პროგრამა USAID-მა დააფინანსა და თუ არ გვექნება საქმიანობის შესაძლებლობა, არ გაკეთდება არაფერი. იმ ნარატივით, რასაც მთავრობა გვთავაზობს, ღირსების შემლახავია მათი დამოკიდებულება სამოქალაქო ორგანიზაციების სექტორის მიმართ”, – ამბობს დეა ერემაშვილი, “შშმ ქალთა ალიანსის აღმასრულებელი” დირექტორი.

„ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი 2 წელია ფუნქციონირებს და USAID-ის მიერაა დაფინანსებული, ჩვენ ვმუშაობთ შშმ პირთა თემებზე და ვაწვდით 5 სერვისს, ესენია ურთიერთდახმარება, ცნობიერების ამაღლება, საჭიროებების კვლევა, ადვოკატირება და მონიტორინგი. იმისათვის, რომ შშმ პირები აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩვენ ძალიან საჭირო საქმეებს ვაკეთებთ და ძალიან გვეხმარება USAID და სხვა დონორი ორგანიზაციები“, – ამბობს ნესტან ბეჭვაია, “ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის” წარმომადგენელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend