მთავარისაქართველოსექსისტური ენა - "მედიის განვითარების ფონდის" ანგარიში

სექსისტური ენა – “მედიის განვითარების ფონდის” ანგარიში

“მედიის განვითარების ფონდმა” სექსისტური ენისა და გენდერული დეზინფორმაციის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა და ქალების წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიებზე დისკუსია მოაწყო. კვლევის მიზანი სექსისტური სიძულვილის ენის, გენდერული დეზინფორმაციისა და ანტილიბერალური დისკურსის მხრივ საქართველოში არსებული პრობლემების ანალიზი და მათი წყაროების გამოვლენაა.

კვლევაში წერია, რომ რომ გენდერის ტერმინის პოლიტიზება და გენდერთან დაკავშირებული თემების პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოყენება ბოლო წლებში ტენდენციად იქცა. კვლევის მიხედვით, პოლიტიკურად ტურბულენტურ პერიოდში სექსისტური სიძულვილის ენის გამოყენება საგრძნობლად იმატებს. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2023 წლის მარტსა და ივლისში იყო და „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამოქალაქო პროტესტსა და ივლისში „პრაიდის კვირეულს“ უკავშირდებოდა.

„მთლიანი წლის განმავლობაში “მედიის განვითარების ფონდის” ფაქტების გადამოწმების პლატფორმა „მითების დეტექტორმა“ 62 გენდერული დეზინფორმაცია გამოავლინა. მათი უმეტესობა, 37 შემთხვევა, ჰომოფობიური შინაარსის იყო, ხოლო დანარჩენი 25 უშუალოდ ქალების წინააღმდეგ იყო მიმართული და მათი მორალური კრიტერიუმებით გაკიცხვას ისახავდა მიზნად. საერთო ტენდენციებზე შემიძლია გითხრათ, რომ ამ დეზინფორმაციული შინაარსის უმეტესი ნაწილი დასავლეთის წინააღმდეგ იყო მიმართული“, – ამბობს სალომე გიუნაშვილი, “მედიის განვითარების ფონდის” მკვლევარი.

2023 წლის მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ სექსისტურ ტერმინოლოგიასა და მიზანმიმართულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ყველაზე ხშირად ქალი პოლიტიკოსების, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციონერი ქალებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყენებდნენ.

„ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ომი ქალების წინააღმდეგ. ის, რასაც ამ ანგარიშში ვკითხულობთ და რასაც ტელევიზორში ვუყურებთ, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი თავდასხმა ქალებზე. ეს ყველაფერი ითარგმნება იმ ძალადობასა და უბედურებაში, რომელსაც ოჯახებში ვხედავთ. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ის შავი გაგება, რომლითაც „ქართული ოცნება“ თავის ხალხს მართავს, ქალებზე არ მუშაობს. არც ჩაცუცქვა, არც „გვერდზე გავიდეთ“, არც „მოდი, საქმე გავარჩიოთ“ ქალებზე არ მუშაობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი სცენიდან მოშორება“, – ამბობს ანა დოლიძე, პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებელი.

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია ქალების პოლიტიკიდან და საჯარო სივრციდან ჩამოშორებისთვის გამოიყენება: „ქალი პოლიტიკოსებისა და საჯარო სივრცეში მყოფი ქალების მიმართ ძალიან აქტიურად გამოყენება სიძულვილის და სექსისტური ენა. ამ დღეებში ვნახეთ, რომ პარლამენტს ზოგი ჰარემს ეძახის, ზოგი სახლს და ზოგიც პირად სივრცეს. ეს მინიშნებაა იმაზე, რომ ეს ადამიანები სრულიად მიზანმიმართულად დევნიან ქალებს პოლიტიკიდან. კვოტების გაუქმებაც ქალების გაყრის მცდელობაა. მათ, ვინც მაინც რჩება, ამ სიძულვილის და სექსისტური ენით დევნიან, რათა ქალებს არ დაედგომებოდეთ ამ სივრცეში და არცერთ ახალგაზრდა ქალს არ უნდოდეს პოლიტიკაში შემოსვლა. ეს არის ბრძოლა ქალების წინააღმდეგ“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend