მთავარიევროპასაფრანგეთი"უაზრობაა უკრაინისა და საფრანგეთის მოსკოვის ტერაქტთან დაკავშირება" - ემანუელ მაკრონი

“უაზრობაა უკრაინისა და საფრანგეთის მოსკოვის ტერაქტთან დაკავშირება” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უარყოფს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს, განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინა და საფრანგეთი მოსკოვში მომხდარ ტერაქტში მონაწილეობდნენ. მაკრონის თქმით, ეს ბრალდება უბრალოდ სასაცილოა. მან ეს განცხადება საფრანგეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. ამ საუბრისას სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ კიევი დასავლეთის თანხმობის გარეშე არაფერს აკეთებს, სწორედ ამიტომ იმედი აქვთ, რომ ამ საქმეში საფრანგეთის სპეცსამსახურები არ იყვნენ ჩართული.

ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ შოიგუს განცხადება მუქარის შემცველია და ეს რუსეთის მხრიდან სიახლე არ არის. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ სატელეფონო საუბრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ დაგმო 22 მარტს მოსკოვის გარეუბანში მომხდარი ტერაქტი, რომელმაც 145 ადამიანი შეიწირა. ლეკორნუმ ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთმა არ იცოდა, რომ რუსეთი ტერაქტს უკრაინას უკავშირებდა.

„სატელეფონო საუბარი შედგა პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ სოლიდარობა გამოვუცხადეთ, ასევე ვფლობდით მნიშვნელოვან ინფორმაციას. არ ვარ ვალდებული ყველაფერი გავასაჯაროო. რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, თავდაცვის მინისტრებმა ერთმანეთს ფაქტები გაუზიარეს, როგორც ხდება კოლეგებთან საუბრისას. თუმცა რუსეთის მხრიდან კომენტარები ნამდვილად მუქარის შემცველი იყო. იმის თქმა, რომ საფრანგეთსა და უკრაინას ტერაქტთან რაიმე კავშირი ჰქონდათ, უაზრობაა. თუმცა ეს არის ინფორმაციით მანიპულირება, რაც ომის ნაწილია. არ მინდა იმაზე საუბარი, რაც ყურადღებას არ იმსახურებს. თავის მართლების აუცილებლობას ვერ ვხედავ. თავი არ უნდა ვიმართლოთ, მაგრამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც ტერორიზმის მსხვერპლი გახდა და როდესაც რაიმე ინფორმაციას ვფლობთ, ეს ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend