მთავარისაქართველო“ქართული ოცნების” მიერ უკან დაბრუნებულ კანონპროექტს სამოქალაქო სექტორი უპირისპირდება

“ქართული ოცნების” მიერ უკან დაბრუნებულ კანონპროექტს სამოქალაქო სექტორი უპირისპირდება

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორში კანონის საშუალებით უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები მოძებნოს და გამოავლინოს, თავად ამ სექტორისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.

იმავე შინაარსითა და შეცვლილი სათაურით კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის შესახებ“ უკვე პარლამენტშია. დოკუმენტში ვკითხულობთ:

„ააიპ ორგანიზაცია, სატელევიზიო მაუწყებელი ან სხვა მედიაკომპანია, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტია უცხოეთიდანაა, ან არ არის ფინანსების წყარო იდენტიფიცირებული, ვალდებულია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“. ასეთმა დაწესებულებამ იანვრის თვეში ელექტრონულად სააგენტოს უნდა წარუდგინოს დეტალური საფინანსო დეკლარაცია. უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად იუსტიციის სამინისტრო შეძლებს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი. დარღვევის შემთხვევაში იურიდიული პირი 25 000 ლარით დაჯარიმდება. გასათვალისწინებულია უფრო მკაცრი სანქციებიც“,- წერია კანონის პროექტში.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში“ შემავალი ორასამდე ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობასა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, მიმართავს. განცხადების თანახმად, ამ გაერთიანებაში შემავალი ორგანიზაციები შეურაცხმყოფელს უწოდებენ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხას, რომლის თანახმად აღარ დაჰბრუნებოდა ე.წ. “აგენტების შესახებ” კანონი.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-ამდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხით – აღარ დაჰბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს. მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიციირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასა და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია. პირობის გატეხა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოსა და მის თითოეულ მოქალაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი. კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი”,- ნათქვამია განცხადებაში.

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, „რომ მმართველი პარტია ამ კანონის მიღებით პირდაპირ იმ ორგანიზაციებს უცხადებს ომს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის რუსეთთან დაახლოებაში ხელს უშლის.

“რამდენიმე რამესთან გვაქვს საქმე. პირველი ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ საზოგადოების მოტყუება. როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის, რადგან მათ პირობა დადეს, რომ ამ კანონს აღარ შემოაბრუნებდნენ. მათ სიტყვა გატეხეს და ქართველი ხალხი მოატყუეს.

მეორე, რასთანაც გვაქვს საქმე, ეს არის ომის გამოცხადება თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, ახალგაზრდობასთან, პროგრესთან, განვითარებასთან და ა.შ.

ეს კანონი არის კარის ჩარაზვა ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის და მე მგონია, რომ ეს არ არის საქართველოს არჩევანი.

კრემლი ამ ამბავს ასე ჩქარა იმიტომ გამოეხმაურა, რომ მოსკოვში მოსწონთ, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს და ამ განცხადებებით მათ მხარს უჭერენ. „ქართული ოცნება“ არის რუსეთის მოკავშირე და ამიტომ იღებს რუსულ კანონებს.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავდგეთ მყარად, გავერთიანდეთ და კონსტიტუციით მონიჭებული ყველა მშვიდობიანი ფორმით შევეწინააღმდეგოთ ამ კანონპროექტის მიღებას“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

„ქართული ოცნება“ ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გეგმავს. პოლიტიკური ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება კი კვლავ თავიდან აპირებს დაიწყოს ბრძოლა იმ ტიპის კანონის წინააღმდეგ, რომლის მსგავსი კანონითაც რუსეთის ფედერაციაში დემოკრატიის ყველა ელემენტის განადგურება დაიწყო და რუსული საზოგადოებისთვისვე სამწუხაროდ, ეტაპ-ეტაპ ბოლომდე მივიდა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend