ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომლის დაღუპვას ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფების წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი თქმით, ღაზა დამხმარე მუშაკებისთვის მომაკვდინებელ ადგილად იქცა.
IRC-ის საერთაშორისო პროგრამების ვიცე-პრეზიდენტმა კიარან დონელიმ განაცხადა, რომ ისრაელ-ჰამასის ომში დაიღუპა ჰუმანიტარული ორგანიზაციების 196 თანამშრომელი და ჯანდაცვის 350 მუშაკი.
„ეს არასასიამოვნო რეალობაა. როგორც ვიცი, ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბევრი თანამშრომელი შეეწირა ამ ომს, ისინი ყველანი პალესტინელები იყვნენ. მაგრამ დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ახლა კი 7 უცხოელის დაღუპვამ, ძირითადად მათი ეროვნების გამო, მსოფლიო საზოგადოება შეაშფოთა. ამ ომში პატივს არ სცემენ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვას”, – განაცხადა IRC-ის საერთაშორისო პროგრამების ვიცე-პრეზიდენტმა კიარან დონელიმ.
ისრაელმა აღიარა, რომ იერიში შეცდომით მიიტანა და განაცხადა, რომ მან უკვე დაიწყო ამ საქმის გამოძიება.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, რათა დაადგინონ ამ ტრაგიკული შემთხვევის დეტალები.https://t.co/kYaoUyHgSJ
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) April 2, 2024
თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მწუხარებას გამოთქვამს ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლების დაღუპვის გამო და საჭიროდ თვლის, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დროულად დაიწყოს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გააკრიტიკა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება და აღნიშნა, რომ არასაკმარისია ის ინფორმაცია, რომელსაც ისრაელი ავრცელებს. კატარის პრემიერ-მინისტრმა კი ღაზაში მომხდარი თავდასხმა საერთაშორისო კანონების დარღვევად შეაფასა.