მთავარისაქართველო“ქართული ოცნება” გეგმავს მიიღოს კანონი, რომელიც ერთი წლის წინ გაიწვია

“ქართული ოცნება” გეგმავს მიიღოს კანონი, რომელიც ერთი წლის წინ გაიწვია

კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ სხვა სახელწოდებითა და იმავე შინაარსით პარლამენტში ბრუნდება.

“არა რუსულ კანონს!” – ამ შეძახილითა და სლოგანით ზუსტად ერთი წლის წინ პარლამენტის წინ ათიათასობით მოქალაქის მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა. შედეგად, „ქართული ოცნების“ მიერ ახალმიღებული კანონი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ ავტორის ხელითვე გაუქმდა.

ერთი წლის შემდეგ კი მმართველმა პარტიამ კვლავ გადაწყვიტა იგივე კანონი თავიდან შეიტანოს პარლამენტში, ამჯერად, უცვლელი შინაარსითა და განსხვავებული სახელით  „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

„ქართული ოცნების“ გუნდს მიაჩნია, რომ პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებული სამოქალაქო სექტორი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებისთვის ხარჯავს ფულს, რის გამოც ჯერჯერობით, ფინანსების მეტ გამჭვირვალობას ითხოვს.

“ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან კანონპროექტის ინიციირებისთანავე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენ მიერ დღეს დაინიციირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”.

კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე, თუნდაც, ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონს მიმდინარე სესიის ბოლომდე სამი მოსმენით მივიღებთ. როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების, თუნდაც, იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ინიციატივამ მნიშვნელოვანწილად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის სხდომაზე მწვავე იყო ოპოზიციონერი დეპუტატების რეაქცია. რამდენიმე ქალმა დეპუტატმა სხდომა პროტესტით დატოვა და ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ ე.წ. „რუსული კანონი“ ქვეყნის ევროპული წინსვლის საწინააღმდეგოდ და საარჩევნო პოლიტიკის კეთების მიზნით შემოაბრუნა.

„”ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. ეს კანონი ნიშნავს, რომ მათ ევროკავშირი არ უნდათ. შესაბამისად, 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, იმარჯვებს ოპოზიცია – მოგვაქვს ევროპული პერსპექტივა, სამუშაო ადგილები, ინვესტიციები და განვითარება. იმარჯვებს „ქართული ოცნება“ – მუდმივი სიღარიბე, შიმშილი, „მაძღარი“ ჩინოვნიკები და გაღარიბებული ხალხი. ეს არის ცალსახა, პირდაპირი, მკაფიო განცხადება, ამას სხვა განმარტება არ აქვს.

რაც არ უნდა წვრილმანებში შევიდეთ, ამ კანონს ჰქვია ერთი რამ – არ მინდა ევროკავშირი. „ქართულ ოცნებას” არ უნდა ევროკავშირი, პირდაპირ ამბობენ, რომ არ უნდათ. სხვა ყველა ინიციატივა, რომელიც აქამდე იყო, ასევე იყო ევროკავშირის საწინააღმდეგო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს კანონი არის ცალსახა გზავნილი ევროპისა და ყველასთვის, რომ „თავი დაგვანებეთ”.

მეორე მხრივ, ძალიან სუსტები არიან. იციან, რომ აგებენ არჩევნებს და ათას სიგიჟეზე მიდიან”, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მმართველი პარტია ირწმუნება, რომ არდავიწყებულ კანონპროექტს კვლავ კანონად მიიღებს, რასაც „ქართული ოცნება“ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე გეგმავს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მეორე ბრძოლისთვის მზადებაა საჭირო, რაშიც კვლავ მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს.

კანონპროექტი საბოლოოო მიღებამდე განხილვების სტანდარტულ გზას გაივლის.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend